რატომ გაქრა ბაზრიდან თევზის ხინკალი და პელმენი?

თევზის ხინკალი და პელმენი, რომელიც „უმალის“ ბრენდით იყიდებოდა, აღარ იწარმოება. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტების გამოჩენას მომხმარებლების მხრიდან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მარკეტინგული შეფუთა საკმარისი არ იყო, შესაბამისად, გაყიდვად პროდუქტად ვერ იქცა.

როგორც დიმიტრი წვერავა აღნიშნავს, თევზის ხინკლისა და პელმენის დახვეწაზე მუშაობა ისევ მიმდინარეობს და ის აუცილებლად დაუბრუნდება ბაზარს.

„ამ ეტაპზე თევზის ხინკალი და პელმენი წარმოებაში აღარ არის. მოთხოვნადი არ აღმოჩნდა ეს პროდუქტი და ვფიქრობთ, რომ მარკეტინგულად ვერ მივაქციეთ შესაბამისი ყურადღება, ვერ გავაპიარეთ. სამომავლოდ გვინდა, რომ უფრო დავხვეწოთ და აუცილებლად ჩავუშვებთ ისევ წარმოებაში“,- ამბობს დიმიტრი წვერავა.

ცნობისთვის, შპს „ახალი თევზი“ „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა და ის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარია. კომპანია 4 დასახელების თევზის სალათს, ზუთხს, კალმახს, მიდიებსა და ა.შ. აწარმოებს. განსაკუთრებით ნოვატორული კი, კომპანიის მიერ წარმოებული თევზის ხინკალი და პელმენი იყო.

ნინი ქეთელაური