დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტომობილის ხარჯებს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე პირი არ უნდა იხდიდეს  - ომბუდსმენის წინადადება

დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტომობილის შენახვის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე პირებისთვის ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს, როგორც გამოძიებასა და მართლმსაჯულების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის მიერ. აღნიშნულის შესახებ საუბარია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებაში, რომლითაც პარლამენტს მიმართეს.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ომბუდსმენის აპარატის მიერ კონკრეტული საქმეების გარემოებების შესწავლის შედეგად, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზი გამოვლინდა, რაც, შესაძლოა, იწვევდეს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის ან სხვა პირის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი) უფლებების დარღვევას.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, დაცულ ავტოსადგომზე სამართალდამცავი ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის დროს ამოღებული სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯების გადახდა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს, სისხლის სამართლის პროცესში მათი სტატუსის, სატრანსპორტო საშუალების დანაშაულთან კავშირისა და დაცულ სადგომზე მისი შენახვის პერიოდის მიუხედავად.

მიგვაჩნია, რომ მესაკუთრისთვის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების შენახვის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულს ეკისრება მხოლოდ მისი ან მისი ადვოკატის მიერ წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის ხარჯების ანაზღაურება. ხოლო დაზარალებულსა და მოწმეს, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლობა საერთოდ არ ავალდებულებს, აანაზღაუროს საპროცესო ხარჯები.

ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა მესაკუთრეს ეზღუდება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მისთვის დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების შენახვის ხარჯების დამატებით დაკისრება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომლის თანახმად, საპროცესო ხარჯების ანაზღაურება, ეკისრება სახელმწიფოს, როგორც გამოძიებასა და მართლმსაჯულების აღსრულებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.

კანონმდებლობა მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებით გვთავაზობს ამგვარ მიდგომას:

1-ლი - თუ სატრანსპორტო საშუალება გამოძიების მიერ ამოღებულია როგორც ნივთიერი მტკიცებულება და წარმოადგენს დანაშაულის საგანს ან/და იარაღს, დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ საგანს ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ სატრანსპორტო საშუალებას, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება სასამართლოს მიერ უნდა ჩამოერთვას მსჯავრდებულს;

მე-2 - თუ სატრანსპორტო საშუალება არ არის დანაშაულის საგანი ან იარაღი, მსჯავრდებულს უბრუნდება ამოღებული სატრანსპორტო საშუალება. სწორედ, ამ მეორე შემთხვევაში, „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეკისრება მსჯავრდებულს, რაც არ არის საპროცესო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

შესაბამისად, ამოღებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ისედაც ეზღუდება საკუთრების უფლება გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა, დამატებით, დაცულ სადგომზე მისი შენახვის ხარჯების დაკისრება, მაშინ, როდესაც ამ სატრანსპორტო საშუალების ამოღება და შესაბამისი ვადით დაცულ სადგომზე დაყოვნება მთლიანად გამოძიების ინტერესს წარმოადგენს, გაუმართლებელ მატერიალურ ზარალს აყენებს მას და ეწინააღმდეგება საპროცესო ხარჯების განაწილების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ წესს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ წინადადებით, პროცესის მონაწილეებს (მსჯავრდებულს, ბრალდებულს, გამართლებულს, დაზარალებულსა და მოწმეს) არ დაეკისროთ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული/ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ხარჯების ანაზღაურება და დაცულ იქნეს მათი საკუთრების უფლება,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებაში.

თაია არდოტელი