ვინ რას აღადგენს უკრაინაში - ახალი მარშალის გეგმა უკვე არსებობს

უკრაინის აღდგენას შესაძლოა, ერთი ტრილიონ დოლარზე მეტი სახელმწიფო და კერძო კაპიტალი დასჭირდეს. ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის შეფასებაში წერია, რასაც Bloomberg ავრცელებს.

ინფლაციის მიხედვით ეს ხუთჯერ აღემატება აშშ-ის მიერ დაფინანსებულ მარშალის გეგმას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ ევროპის ინდუსტრიულ აღორძინებას შეუწყო ხელი. გამოცემა წერს, რომ უკვე არსებობს უხეში გეგმა, რომელიც წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება მომავალში უკრაინის აღდგენა.

კერძოდ, თურქული კომპანიები ხიდებსა და გზებს აღადგენენ, ასევე, ქვეყანას ელექტროენერგიის გენერატორებითა და მობილური საავადმყოფოებით მოამარაგებენ. მაგალითად, თურქული Onur Group ირპენსა და კიევის გარეუბანში უკვე დაკავებულია აფეთქებული ხიდების შეკეთებით. ამასთან, სამხრეთკორეულ კომპანია Samsung C&T Corp-თან ერთად კომპანია Onur Group-მა უკრაინაში მობილური საავადმყოფოები შექმნა. კომპანიას, ასევე, სურს, დნეპრის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქცია განაახლოს და ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები განახორციელოს. Onur Group-ის გარდა, სტამბოლში დაფუძნებული Dogus Construction, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით, სამ ხიდს აღადგენს და მოელის, რომ სამომავლოდ რამდენიმე მილიარდი დოლარის სარეკონსტრუქციო კონტრაქტები გაფორმდება.

გერმანული და ავსტრიული კომპანიები ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის სფეროებში საწარმოების მშენებლობას გეგმავენ. კერძოდ, გიგანტმა კომპანია Rheinmetall AG-მა თებერვალში გამოაცხადა, რომ უკრაინაში ქარხნის მშენებლობას გეგმავს, რომელიც საჭირო 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალას აწარმოებს. ავსტრიულმა Waagner-Biro Bridge Systems-მა, რომელიც მდინარეებისა და ხეობების დამაკავშირებელ მოდულურ ფოლადის ესტაკადებს აწარმოებს, დასავლეთ უკრაინაში მდებარე ქარხანაში წარმოება უკვე დაიწყო.

JPMorgan Chase & Co. პროექტების წინასწარი დაგეგმარების სამუშაო ჯგუფებს ელოდება, ხოლო დანიამ ნიკოლაევის გემთმშენებელი ჰაბის აღსადგენად ამ დრომდე უკვე 120 მლნ ევრო (130 მლნ დოლარი) გაიღო.

სამშენებლო მასალების მწარმოებელი Fixit გასული წლიდან დასავლეთ უკრაინაში ახალ საწარმოო ობიექტს აშენებს, ხოლო ქიმიური კომპანია Bayer AG ინვესტიციებს სათესლე მეურნეობაში დებს.

Bloomberg ვარაუდობს, რომ რეკოსნტრუქციისთვის უკრაინაში სამომავლოდ შესული თანხის წარმომავლობის მიუხედავად, ამერიკული და ევროპული კომპანიები კონტრაქტების ლომის წილს მიიღებენ.

გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მარშალის ფონდთან ერთად უკრაინის ქალაქების პარტნიორობა (UCP) შექმნა. ეს არის სახელმწიფო და კერძო პარტნიორობა, რომელიც ქვეყნის მდგრადი, ინკლუზიური და ძლიერი ქალაქების რეპროექტირებასა და აშენებას მხარდაჭერას გაუწევს. თავის მხრივ, მარშალის ფონდს სამდივნოს ფუნქცია ექნება. ის განავითარებს ახალ ტრანსატლანტიკურ პარტნიორობას, პროგრამებსა და ალიანსებს ევროპულ და ამერიკულ ორგანიზაციებს შორის, რომ, მინიმუმ, სამი უკრაინული ქალაქის აღდგენას დაეხმაროს. ფონდი, ასევე, უკრაინის ქალაქების ოფიციალური პირებისა და ქალაქთმშენებლების, კერძოდ, არქიტექტორების, ინჟინრებისა და სამშენებლო გუნდის ახალი თაობის პერსპექტივის გაფართოებას უზრუნველყოფს, რომ ეფექტურ რეკონტრუქციაში მათ “მწვანე” მეთოდები გამოიყენონ.

ცნობისთვის: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის აღდგენას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 486 მლრდ დოლარი დასჭირდება. თავად უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, მხოლოდ 2024 წელს ქვეყანას როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე გადაუდებელი აღდგენის პრიორიტეტებისთვის, დაახლოებით, 15 მლრდ დოლარი დასჭირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ