ვინ არის თანამდებობის პირი, რომელიც დეკლარაციაში უძრავ ქონებასა და შემოსავალს არ უთითებს

თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძემ 2024 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება და ხელფასი არ მიუთითა. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახაბერ ლაბუჩიძე ფლობს ორ უძრავ ქონებას, რომელთაგან არც ერთს არ უთითებს დეკლარაციაში:

თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა - 115.58 კვ.მ ბინა.ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, დიდველი - 36.40 კვ.მ ბინა. უძრავი ქონება ლაბუჩიძემ არც 2023 წელს დაადეკლარირა.

ამასთან, ლაბუჩიძემ, დეკლარაციაში არ ასახა თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარედ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება (ხელფასი).

საყურადღებოა, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ 2022 წელს უკვე დააჯარიმა კახაბერ ლაბუჩიძე დეკლარაციის არასრულად შევსების გამო. საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშში შემდეგი დარღვევებია ჩამოთვლილი:

თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის წარმოუდგენლობა; ცდომილება თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშში; დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში; ცდომილება თანამდებობის პირის ოჯახის წევრის ანაზღაურებაში; თანამდებობის პირის ოჯახის წევრის სესხის ხელშეკრულების და გრაფიკის წარმოუდგენლობა; დეკლარაციაში არ არის მითითებული ერთჯერადი შემოსავალი, რომლის ოდენობაც აღემატება 3000 ლარს; დეკლარაციაში არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი, რომლის ოდენობაც აღემატება 5000 ლარს.საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, კახაბერ ლაბუჩიძე, როგორც თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს კახაბერ ლაბუჩიძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.