კაკაო სულ უფრო ძვირდება, თუმცა შოკოლადზე მოთხოვნა არ მცირდება

კაკაოს მარცვალზე ფასების ზრდა რეკორდის მოხსნას განაგრძობს, თუმცა შოკოლადის გლობალურ მოთხოვნაზე საკონდიტრო წარმოების ამ საკვანძო ინგრედიენტის გაძვირებას გავლენა ჯერ არ მოუხდენია. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები თვლიან, რომ კაკაოს ღირებულება შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.

დასავლეთ აფრიკა, რომელიც გლობალური წარმოების, დაახლოებით, 75%-ს შეადგენს, კაკაოს მიწოდებას უამინდობის გამო ამცირებს, რაც სექტორის მთავარ პრობლემად იქცა. კოტ დ'ივუარს მსოფლიო წარმოების 44%, განას კი 14% უკავია. 2023 წელს მაღალმა ნალექმა მცენარის დაავადების გავრცელება და ლოგისტიკური სირთულეები გამოიწვია, ხოლო გვალვა და ძლიერი ქარი შეშფოთებას წელსაც იწვევს. ამასთან, გლობალურ ბაზარზე მიწოდების დეფიციტს ხელს უწყობს სტრუქტურული საკითხებიც, როგორიც არის ლოგისტიკა და წარმოების სირთულეები.

ერთი კვირის წინ ნიუ-იორკის ბირჟაზე კაკაოს მარცვლის ფიუჩერსები ტონაზე 6,549 დოლარად ივაჭრებოდა, რაც კონტრაქტების 57%-ზე მეტით გაძვირებას ნიშნავს, ხოლო გასულ თვეში ტონაზე ფასმა 6,000 დოლარს პირველად გადააჭარბა. თუ 2023 წლის 26 თებერვალს ერთი ტონა კაკაო ბირჟებზე 2,700 დოლარი ღირდა, მიმდინარე წლის იანვრის მიწურულს ერთი ტონა კაკაოს ფასი ბირჟებზე 4,600 დოლარს შეადგენდა.

Rabobank-ის ანალიტიკოს პოლ ჯოულზის შეფასებით, „როგორც წესი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ასტრონომიულად მაღალი ფასების შემთხვევაში მოთხოვნა მცირდება, მაგრამ კაკაოს შემთხვევაში ასე არ მოხდა.“

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ შოკოლადი მომხმარებლისთვის „აუცილებელ“ შენაძენად რჩება. ამასთან, ბევრი მწარმოებელი კაკაოს წინასწარ დადებული ხელშეკრულებებით ყიდულობს. ჯოულზი მოელის, რომ წლის მეორე ნახევარში, მიწოდებისა და მოთხოვნის მეტად „დაძაბული“ ვითარების ფონზე, მოთხოვნა ოდნავ შემცირდება.

გიგანტი კომპანია Hershey უკვე მოელის, რომ კაკაოს მაღალი ფასები 2023 წლის მოგების ზრდას შეზღუდავს. კომპანია წლევანდელ წარმოებაში საღეჭი კანფეტების მოცულობის 50%-ით გაზრდას აპირებს. Hershey-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიშელ ბაკი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი კომპანიას მომხმარებლებთან ურთიერთობის ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

ზოგადად, კაკაოს ფასების ზრდა კომპანიებს ალტერნატივისკენ უბიძგებს. კერძოდ, შეთავაზებებს შორის გაჩნდა ისეთი პროდუქტები, რომლებიც კაკაოს ნაკლებად ან საერთოდ არ შეიცავს. მომხმარებლების მისაზიდად ინოვაციური არომატები ინერგება. მათ შორის არის პროდუქციის რეფორმულირება და ასორტიმენტის გაფართოება ტრადიციული შოკოლადის მიღმა. ამდენად, კაკაოს ფასების ზრდა კომპანიებს დივერსიფიკაციისთვის ასტიმულირებს და ახალი, ინოვაციური პროდუქტების შემუშავებისკენ უბიძგებს, რომ მუდმივად ცვალებადი ბაზრის ლანდშაფტში მომხმარებელთა ყურადღება შეინარჩუნონ.

ING-ის ანალიტიკოს უორენ პატერსონის შეფასებით, „საინტერესოა, თუ რამდენად შეიძლება, გაიზარდოს კაკაოს ფასი, რომ მოთხოვნის მნიშვნელოვანი ვარდნა და ბაზარზე ბალანსის აღდგენა გამოიწვიოს.“

აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი ფასები აღემატება წინა ისტორიულ მაქსიმუმს, რომელიც 1977 წელს დაფიქსირდა, როცა კაკაოს მარცვლების ფიუჩერსები ტონაზე 4,600 დოლარზე მეტად ივაჭრებოდა. ფასთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნახტომი 2011 წლით თარიღდება, როცა ფიუჩერსებმა ტონაზე, თითქმის, 3,800 დოლარს მიაღწია. ამის შემდეგ ფასები ტონაზე 1,800-დან 2,500-დოლარამდე დერეფანში შენარჩუნდა, ხოლო 2022 წლის ბოლოს სწრაფი ზრდა დაიწყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ