„წისქვილკომბინატებში ხორბლის ჩაბარებაზე წელს პრობლემა არ იქნება, თუმცა ფასი დაბალი დარჩება“

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელების გამო, წელს მარცვლეულის ჩაბარება უმეტესად პრობლემა არ იქნება.

როგორც სილაგავა „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, საქართველო მიჰყვება მსოფლიო ფასებს, მარცვლეულზე საერთაშორისო ფასი კი დაეცა. მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ მარცვლეულის ჩაბარების ფასი წელსაც დაბალი იქნება.

„იმპორტირებულ ფქვილზე დაწესებულმა გადასახადმა საშუალება მისცა ფერმერებს, რომ 2023 წლის ივნისიდან გარკვეულწილად თავისი ხორბალი ჩაებარებინათ, თუმცა ფასი იყო დაბალი, მსოფლიო ფასის შესაბამისი. ფქვილის იმპორტზე გადასახადი სექტემბრამდე გაგრძელდა, ანუ მოსავლის ჩაბარებამდე, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ წელს ჩაბარების პრობლემა ძირითადად არ იქნება. მაგრამ პრობლემაა ის, რომ მსოფლიო ფასები დაცემულია და ფერმერებისთვის ეს გამოწვევა იქნება. ფასი დღესაც დაბალია და ჩაბარების ფასიც წელს დაბალი იქნება“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.

იხილეთ ასევე: „ბევრი ფერმერი გაკოტრდა - ქვეყანაში რამდენიმე თვის საკმარისი მარცვლეული მოგვყავს და იმასაც ვერ ვყიდით“

მერი ტაბატაძე