„მაშინ ვთქვათ, რომ 50 თეთრზე მეტი არაფერი ღირდეს“ - რას იწვევს ფასების ზედა ზღვრის დაწესება

„ამის შედეგები ჩვენ ვნახეთ, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვა ჯანდაცვას, ფასების ზედა ზღვარი დაუწესეს და რიგ შემთხვევაში ამან გააჩერა კიდეც ოპერაციები“,- ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ რადიო პალიტრისა და "პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ფასების შემცირება ერთადერთ შემთხვევაშია გრძელვადიანად მიღწევადი, რაც ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება. სხვა შემთხვევაში, როგორც ირაკლი მაკალათიამ აღნიშნა, ფასების ზედა ზღვრის დაწესება ბაზრიდან პროდუქტების გაქრობას და ხარისხის შემცირებას გამოიწვევს.

„სწრაფი ეფექტისთვის (ფასების შემცირების) რეგულაციების მიღება, პირიქით, უფრო დამაზარალებელი იქნება. შედარებით გრძელვადიანი (და რამდენიმე წელზე შეიძლება გათვლა), გულისხმობს იმ ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას რაც გვაქვს, რომ კონკურენცია გაიზარდოს. ეს არის ცალსახად გადასადგმელი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც დღესვე უნდა დაიწყოს. რაც შეეხება რეგულაციებს და ფასების ზედა ზღვრის დაწესებას, ამის შედეგები ჩვენ ჯანდაცვაშიც ვნახეთ, 520-ე დადგენილება, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვა ჯანდაცვას, ფასების ზედა ზღვარი დაუწესეს და რიგ შემთხვევაში ამან გააჩერა კიდეც ოპერაციები. ზედა ზღვარს რომ დაუწესებ, თითქოს კარგად ჟღერს, რომ ამაზე ძვირად აღარ გაიყიდება, მაგრამ მერე საქონლის დეფიციტი, ხარისხის შემცირება, შავი ბაზრის გააქტიურება იჩენს თავს. უფრო მეტ უარყოფით შედეგებს მივიღებთ. ერთი შეხედვით ძალიან მარტივად გადასადგმელი ნაბიჯია, მაშინ ვთქვათ, რომ 50 თეთრზე მეტი არაფერი ღირდეს, ხომ მარტივი სათქმელია?! მაგრამ უარეს შედეგს გამოიღებს. რეალური და ერთადერთი გამოსავალი არის ეკონომიკის განვითარება, რაც გამოიწვევს კონკურენციის და შემოსავლების ზრდას“,- განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.

ნინი ქეთელაური