"სეტყვის საწინააღმდეგო აგრეგატების მეშვეობით კახეთი სეტყვას გადაურჩა"

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, სეტყვის საწინააღმდეგო აგრეგატების მუშაობის შედეგად კახეთში გუშინ სეტყვა არ მოვიდა.

შიოლაშვილის განცხადებით, მცირე ზომის სეტყვა მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მოვიდა, რამაც მიწის ფართობი მცირედით დააზიანა. "დანარჩენ შემთხვევაში 100%-ით იქნა კახეთი დაცული. შესაძლებელია ითქვას, რომ ზიანი პრაქტიკულად არ არის. ის საშიშროება, რაც იყო და რა მასშტაბითაც იყო, მთლიანად გავანეიტრალეთ სეტყვის საწინააღმდეგო აგრეგატების მეშვეობით", - აღნიშნა შიოლაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ ღამე იყო ძალიან დიდი ღრუბლის მასა, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნიდა კახეთს. "სეტყვის საწინააღმდეგო ყველა აგრეგატი ჩაირთო. ორჯერ მოხდა შეიარაღება ამ აგრეგატების და ორჯერ მოხდა საცეცხლე წერტილების დამუშავება. ჩვენ მივიღეთ სურათი. დილის 3:00 საათზე დასრულდა სამუშაოები. მობილიზებული გვყავდა სამაშველო სამსახური და ვმოქმედებდით "დელტასთან" კოორდინირებულად. არავის ჩარევა არ გახდა საჭირო, რადგან ამ აგრეგატებმა მთლიანად უზრუნველვყვეს მთელი კახეთის დაცვა. სეტყვის საშიშროება შვიდ მუნიციპალიტეტში იყო – სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა და საგარეჯო. მთელი ღამის განმავლობაში ამ აგრეგატებმა კარგად იმუშავეს", - აღნიშნა შიოლაშვილმა.