ფინანსური ანგარიშგების წარუდგენლობისთვის ერთ წელში 524 კომპანია დაჯარიმდა

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს, 2022 წლის ფინანსური დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, ჯამში, 524 კომპანია დაჯარიმდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პერიოდის ანგარიშგების დოკუმენტის წარუდგენლობისთვის გაფრთხილება 34 989 კომპანიას მიეცა.

როგორც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, ანგარიშგებების წარდგენისა და ადმინისტრირების პროცესი არის უწყვეტი, შესაბამისად, 2022 წლის პერიოდის ანგარიშგებებთან დაკავშირებული მონაცემები ექვემდებარება ცვლილებას, რაოდენობის გაზრდის კუთხით.

ცნობისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს იმ საწარმოების იდენტიფიცირებას, რომლებმაც არ წარადგინეს კონკრეტული საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგებები.

ნინი ქეთელაური