ფერმერებს სტიქიისგან მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

ძლიერი სეტყვის შედეგად, გორში სოფლის მეურნეობის სამინისტროს "აგროდაზღვევის" პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები დაზარალდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიებში სატელეფონო შეტყობინებები შედის, რის საფუძველზეც სადაზღვევო აგენტები ადგილზე ეტაპობრივად გავლენ და სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლიან, ჯერჯერობით ზარალის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია.

მათივე ინფორმაციით, აგროდაზღვევაში მონაწილე ფერმერებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. პროგრაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, გორში მცხოვრები 333 ფერმერი ჩაერთო.

სახელმწიფო პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დააზღვიონ მოსავალი შემდეგ სტიქიურ მოვლენებზე: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს ყველა ფერმერს, ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამაში, რათა თავიდან აიცილოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი.