თბილისი-მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა

თბილისი-მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 65 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-მაისის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 65 პროცენტით გაიზარდა. 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია – ჯამში 87,367 მგზავრი, რაც 65 პროცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (53,091 მგზავრი).

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამჟამად, თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს 4 ავიაკომპანია, მათ შორისაა, "საქართველოს ავიახაზები". შარშან ანალოგიურ პერიოდში ოპერირებდა მხოლოდ ორი ავიაკომპანია - "საქართველოს ავიახაზები" და "S7 Airlines".

ეკონომიკის სამინისტროში ზაფხულის სეზონის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით, მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მატებას ელოდებიან.