კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შეიტანეს

კომპანია “იანდექსის” აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შეიტანეს.

როგორც პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, გიორგი ტყემალაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საჩივრის მიზანია გამოიკვლიოს, რამდენად იცავენ კომპანიები საქართველოს კანონით განსაზღვრულ კონკურენტუნარიან გარემოს.

„დღეს, „იანდექსის“ აპლიკაციის მქონე მძღოლებმა, პროფკავშირებთან ერთად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შეიტანეს, სადაც ვითხოვთ, რომ გამოკვლეული იყოს „იანდექსის“ და სხვა აპლიკაციის კომპანიები იცავენ თუ არა საქართველოს კანონით განსაზღვრულ კონკურენტუნარიან გარემოს. რადგან, როგორც ვიცით, „იანდექსი“ წარმოადგენს აპლიკაციას და ასევე, „ბრაუზერსაც“. შესაბამისად, შესაძლებელია იყენებდეს ამ გარემოს არაკეთილსინდისიერად, რაც ძღოლების ანაზღაურებაზეც აისახება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა კონკურენციის სააგენტოსთან ერთად აქცია რამდენჯერმე გამართეს.

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ კომპანიების მხრიდან ერთპიროვნულად არ მოხდეს ტარიფების გადახედვა, ამასთან, ისინი თბილისის მერიას მოუწოდებენ, რომ A და B კატეგორიის მძღოლები თანაბარ პირობებში ჩააყენონ.

გარდა ამისა, 4 მარტს, აპლიკაციით დასაქმებულმა ტაქსის მძღოლებმა სარჩელი საქალაქო სასამართლოშიც შეიტანეს.