წინასაარჩევნო დაპირებები - მითი თუ რეალობა?! – „ღარიბი ქვეყანა ღარიბივით უნდა იქცეოდეს“

უმუშევრობის 950-ლარიანი დაზღვევა, 200 ათასი სამუშაო ადგილი, 1 000 ლარიანი პენსია, 950 ლარიანი მინიმალური ხელფასი, საპენსიო სესხების განულება, შემცირებული ფასები და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი ყველას - ეს მცირე ჩამონათვალია იმ რეზონანსული სოციალური საკითხებისა, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩევლებს ჰპირდებიან.

არჩევნებამდე თითქმის 9 თვეა დარჩენილი და წინასაარჩევნო მარათონმა სტარტი რამდენიმე კვირის წინ აიღო. პოლიტიკური პარტიების ნაწილმა საზოგადოებას საკუთარი დაპირებები უკვე ღიად გააცნო, ნაწილი კი სხვადასხვა არაპირდაპირი აქტივობით/ქმედებით/განცხადებით ცდილობს ამომრჩეველთა გულის მოგებას.

წინასაარჩევნო დაპირებები ყოველთვის მრავალფეროვანია. დაპირებებისა და სლოგანების ფორმირებაზე ყოველი არჩევნების წინ დიდი ფული იხარჯება, რათა ეს დაპირებები ხალხისთვის დამაჯერებელი იყოს. 2024 წლის არჩევნებისთვის კი პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ მთავარი აქცენტი ეკონომიკური სასწაულის მოხდენასა და მოქალაქეების სოციალურ კეთილდღეობაზე გააკეთონ.

და მაინც, როგორია პოლიტიკური პარტიების ნაწილის წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა?

პარტია „საქართველოსთვის“ მოქალაქეებს ჰპირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში 15 ახალ მეტროსადგურს ააშენებს, პირველ რიგში, კი მეტრო დიღომში მოეწყობა. გიორგი გახარიას პარტია ამომრჩეველს 950-ლარიან მინიმალურ ხელფასს ჰპირდება. ჩამონათვალშია პირველ წელს ასაკობრივი პენსიის 200 ლარით და ყოველ მომდევნო წელს 100 ლარით გაზრდა. კიდევ ერთი დაპირება უმუშევრობის დაზღვევაა, პარტიაში ამბობენ, რომ ყველა დროებით უმუშევარი პირი 3-6 თვის მანძილზე მიიღებს უმუშევრობის კომპენსაციას 950 ლარის ოდენობით თვეში.

„ლელო საქართველოსთვის“ ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში უმუშევრობის პრობლემას გადაჭრის და 200 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძის პარტია ამომრჩევლებს ანაკლიის პორტის სწრაფად დასრულებას და ანაკლიის ქალაქის მშენებლობასაც ჰპირდება. მათ საარჩევნო დაპირებებშია პენსიების 1000-ლარამდე ზრდაც.

„გამარჯვების პლატფორმა“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ალიანსს წარმოადგენს, ამომრჩევლებს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, დოვლათს და ეკონომიკურ კეთილდღეობას ჰპირდება. ხაბეიშვილისა და ვაშაძის ალიანსი მოქალაქეებს საპენსიო სესხების განულებას, საწვავისა და სურსათის ფასების შემცირებას ჰპირდება.

„ღარიბი ქვეყანა ღარიბივით უნდა იქცეოდეს“

აქვს თუ არა საქართველოს რეალური შესაძლებლობა და საკმარისი რესურსი, განახორციელოს აღნიშნული სოციალური პროექტები, ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსი“ ეკონომისტ გია ჯანდიერს ესაუბრა.

პარტიების დაპირებებში წელსაც პოპულარულია ასაკობრივი პენსიების გაზრდა. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პენსიების პირობითად 1 000-ლარამდე გაზრდა, ეკონომისტი პასუხობს, რომ განხორციელებადია, მაგრამ სხვა „არასაჭირო პროექტების" შეჩერების ხარჯზე.

„დათვლადია, მაგალითად პენსიები 1000 ლარი შეიძლება, თუმცა დაახლოებით 11 მლრდ ლარი სჭირდება, ასეთი ფული არსებობს ბიუჯეტში, მაგრამ სხვა პროექტები უნდა შეაჩერო, მაგრამ თუ მსგავსი პროექტები შეჩერდება, უმჯობესია რომ ეს ფული ბიზნესს დაუტოვო, ვიდრე პენსიებზე გადაისროლო“, - დასძინა მან.

ეკონომისტის თქმით, ეს პირდაპირ დაკავშირებულია სამუშაო ადგილებთან, მაგალითად, თუ შევაჩერებთ პროექტებს, რომელშიც მილიონობით ლარი არამიზნობრივად იხარჯება და პენსიის ნაცვლად თანხას ბიზნესზე მივმართავ, ბიზნესი თავისთავად გაზრდის სამუშაო ადგილებს. რეალურია თუ არა 200 000 ახალი სამუშაო ადგილის გაჩენა, ჯანდიერი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, მაგრამ საკითხავია, როგორი კვალიფიკაციის პირების დასაქმებას გულისხმობენ დაპირების ავტორები.

„სამუშაო ადგილების შექმნა შეიძლება, მაგრამ ვისთვის? თუ კვალიფიციური მუშახელი გვყავს, მათთვის სამუშაო ადგილი ისედაც მოიძებნება, მაგრამ თუ საუბარია იმაზე, რომ უცხოეთიდან შემოვიყვანთ და იმათ შევუქმნით სამუშაო ადგილებს, ეს საკითხავია. გრძელვადიანი პროცესია...“, - აღნიშნა მან.

ჯანდიერის თქმით, ერთ-ერთი პარტია სურსათსა და საწვავზე ფასების შემცირებას გვპირდება. საწვავის ფასების შემცირება კი შესაძლებელია მასზე აქციზის ფასის გაუქმებით. რაც შეეხება სურსათის მაღალ ფასს, ჯანდიერის თქმით, ეს მრავალი შეცდომის შედეგია და მეტი მუშაობა სჭირდება.

„ეგ უფრო რთული საქმეა, მაღალი ფასები არის მრავალი შეცდომის შედეგი, სურსათზე ნამდვილად მაღალი ფასებია და ამას არავინ უარყოფს, მეტი დრო სჭირდება მის მოგვარებას. რაც შეეხება საწვავს, მანდ არის გამოსავალი სწრაფად აქციზის ფასის გაუქმება, რადგან აქციზი აძვირებს საწვავს“, - ამბობს ჯანდიერი.

პარტიები გვპირდებიან საპენსიო სესხების განულებასაც, რაც ეკონომისტის თქმით, ცხადია, შესაძლებელია ამის გაკეთება, თუმცა ეს საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტიდან - გადასახადის გადამხდელების ხარჯზე მოხდება.

„როცა ამას ვინმე ამბობს, გულისხმობს, რომ ამას მე და თქვენ გადავიხდით, იგივე ბიუჯეტის ხარჯზე პენსიონერებიც იხდიან გადასახადებს, არ დაავიწყდეთ მაგის ავტორებს ეს, ნებისმიერი პროდუქტი თუ ელექტროენერგია, ავტობუსის ბილეთი შეიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავიხდით გადასახადებს იმისთვის, რომ საპენსიო სესხების განულება დავაფინანსოთ“, - თქვა ეკონომისტმა.

ერთ-ერთი სოციალური დაპირება, დროებით უმუშევრობის დაზღვევაა. ჯანდიერი მისი არსებობის საჭიროებას ვერ ხედავს, ამბობს, რომ თუ პირს დაზღვევა უნდა, ამისთვის არსებობს კერძო სადაზღვევოები და შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან დაზღვევა არ არის საჭირო, მით უმეტეს, ეს გადასახდელების გადამხდელთა ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს.

„უმუშევრობის დაზღვევის წინააღმდეგი ვარ - თუ დაზღვევა გინდა სადაზღვევოში იყიდე, თუ არა და იმუშავე, არ მგონია, რომ სამუშაოს მოძებნა პრობლემაა თუ სურვილი გაქვს - არ მოსწონს, თუ მოთხოვნილ დონეს არ შეესაბამება კონკრეტული სამსახური, ეს გადასახადის გადამხდელებმა არ უნდა გადაიხადონ ეს ფული. არსებობს კერძო დაზღვევა, ამას უნდა დავარქვათ არა დაზღვევა, არამედ დახმარება საქართველოს ბიუჯეტიდან. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და ღარიბი ქვეყანა ღარიბი ქვეყანასავით უნდა იქცეოდეს“, - ამბობს გია ჯანდიერი.

მერი ტაბატაძე