Tesla-სა და Porsche-ზე უფრო სწრაფი - ჩინური Xiaomi ამ თვეში ელექტრომობილების გაყიდვას იწყებს

ჩინური Xiaomi მსოფლიოს უდიდეს საავტომობილო ბაზარზე თავისი პირველი ელექტრომობილ Speed ​​​​Ultra 7-ის (SU7) მიწოდებას მიმდნიარე თვეს დაიწყებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პრეზენტაცია 28 მარტს არის დაგეგმილი.

ჩინეთში სმარტფონების სიდიდით მეხუთე მწარმოებელმა განაცხადა, რომ შეკვეთებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ქალაქში გახსნილ 59 მაღაზიაში მიიღებს.

კომპანიის განცხადების შემდეგ Xiaomi-ის აქციები 12 მარტის დილის ვაჭრობაზე 7%-ით გაიზარდა.

ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში, სედან SU7-ის პრეზენტაციის დროს აღმასრულებელი დირექტორი, ლეი ცზიუნი აცხადებდა, რომ Xiaomi მსოფლიოს საუკეთესო ავტომწარმოებლის ხუთეულში შესვლას გეგმავს. მისი თქმით, SU7-ი „სუპერელექტროძრავის“ ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, რომელიც Tesla-ს და Porsche-ს ელექტრომობილებზე უფრო სწრაფია.

ანალიტიკოსების შეფასებით, Xiaomi-ს პოპულარულ ტელეფონებთან და სხვა ელექტრომოწყობილობებთან ავტომობილის საერთო ოპერაციული სისტემა კომპანიის არსებულ მომხმარებელს მოეწონება.

სმარტფონების გიგანტმა პირობა დადო, რომ ავტომობილებში ათწლეულის განმავლობაში 10 მლრდ დოლარის ინვესტიციას ჩადებდა. ის ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარზე იმ რამდენიმე ახალი მოთამაშედან ერთ-ერთია, რომელმაც მთავრობის თანხმობა მიიღო.

ცნობისთვის: სმარტფონების ჩინურმა მწარმოებელ Xiaomi-მ თავისი პირველი ელექტრომობილი, სედან SU7-ი გასული წლის 28 დეკემბერს წარადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ