საქართველოში სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების შესახებ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

„მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით”- ასე ჰქვია, პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში შეამციროს სურსათის ნარჩენები, ფერმერთა სურსათის დანაკარგები და სათბური აირების გამოყოფა. „სურსათის ბანკის“ პროექტი ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული, რომლის პრეზენტაციაც სასტუმორ „სტამბაში“ გაიმართა.

საქართველოში სურსათის ნარჩენების, დანაკარგების შემცირებისა და სასურსათო უსაფრთხოების გაზრდისაკენ მიმართული პროექტის პრეზენტაცია ორგანიზაციამ People In Need (PIN), ევროკავშირთან (EU), ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და პროექტის პარტნიორებთან ერთად გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

PIN საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სოფია ჯანჯუამ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და იმ დადებით ცვლილებებს, რაც ამ პროექტის განხორციელებით იქნება გამოწვეული. საქართველოში პირველი სურსათის ბანკის შექმნის შესახებ ისაუბრეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, საქართველოს მთავრობის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და ევროპის სურსათის ბანკების ფედერაციის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, აღნიშნული ინიციატივა, საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების ზრდას და სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებას უზრუნველყოფს.

„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი მოწყვლადი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით ჭარბი სურსათის გადანაწილებას ითვალისწინებს. პროექტი ასევე შეაფასებს „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ” ახალი კანონის გავლენას ადგილობრივი სასურსათო უსაფრთხოების გაზრდაზე. პროექტის მიზანია, შეამციროს სურსათის ნარჩენები, ფერმერთა სურსათის დანაკარგები და სათბური აირების გამოყოფა. გარდა ამისა, ადგილობრივ დონეზე ჩატარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ღონისძიებაზე სიტყვით სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე; გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ჯუმბერ მარუაშვილი და ასევე, ევროპის სურსათის ბანკების ფედერაციის წარმომადგენელი ბალაშ ჩეჰი.

პროექტი ხორციელდება 2023-2026 წლებში და იგი ეყრდნობა სურსათის უსაფრთხოების, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების სფეროებში PIN-ისა და წითელი ჯვრის მოძრაობის გლობალურ გამოცდილებას. გარდა ამისა, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერება წარმოადგენს, რათა მათ შეძლონ მოწყვლადი მოსახლეობის იდენტიფიცირება და უზრუნველყონ მათთვის სურსათის გადანაწილება, ითანამშრომლონ ადგილობრივ ფერმერებთან და აწარმოონ სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები.

ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი “მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” ხორციელდება საქართველოს წითელ ჯვართან (GRC), "პარკი არ მინდა" (PAM) და Eliots Sustainability-სთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერებით სურსათის დანაკარგების შემცირებას და სურსათზე ხელმისაწვდომობის ზრდას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

ჟურნალისტებთან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა FAO-ს პოლიტიკის უფროსმა, ჯუბა მარუაშვილმა.

„ახლა, მიმდინარეობს ბანკების და სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციების ავტორიზაციის წესის შემუშავება, სურსათის დონაციის წესის შემუშავება. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ კანონი სრულად ამოქმედდეს, ძალაში შევიდეს და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, მათ შორის ფისკალური საგადასახადო ნაწილის ამოქმედებიდან უკვე საქართველო რეგიონში იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ექნება სურსათის დანაკარგებისა დანარჩენების შემცირების და სურსათის გადანაწილების სისტემა, სადაც უმთავრესი რგოლის სახით წარმოჩენილი იქნება სურსათის ბანკი“, - განაცხადა ჯუბა მარუაშვილმა.