ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ამერიკის შეერთებული შტატების ევროპისა და ევრაზიისთვის დახმარებების კოორდინატორთან, ალინა რომანოვსკისთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში საქართველოში აგრარულ დარგში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.

შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აშშ ქართულ მხარეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ახალი რეგულაციების დანერგვაში დახმარებას გაუწევს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში მდივნის მოადგილეს, მაიკლ სქიუს შეხვდა.

მხარეებმა USDA-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ USDA-ის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს აგრარული დარგის იმ მიმართულებებზე, სადაც USDA-ის ჩართულობა განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება. მათ შორისაა, საგანმანათლებლო მიმართულება, რაც გულისხმობს ტრეინინგებსა და გადამზადების კურსებს არა მარტო ფერმერებისთვის, არამედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა უწყებისა და ცენტრალური აპარატის თანამშრომლებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგარარულ დარგში ინსტიტუციონალური განვითარებისა და სისტემური მიდგომების დანერგვის საკითხებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ამერიკული სოფლის მეურნეობის ნაწარმის ექსპორტის, გადამუშავების ან დამატებითი ღირებულების მიცემის და შემდგომ იმ ქვეყნებში ექსპორტის საკითხებზე, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს.

USAID-ის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ადმინისტრატორის მოადგილესთან, ჯონათან ქაცთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიულ ხედვებზე ისაუბრა. უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში მელიორაციის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, რისთვისაც აუცილებელია სატარიფო რეგულაციისა და სატარიფო მეთოდოლოგიის დანერგვა. USAID-ის დახმარებით უცხოელი ექსპერტები დახმარებას გაუწევენ და გამოცდილებას გაუზიარებენ ქართულ მხარეს. შეხვედრაზე USAID -ის მხრიდან საქართველოსთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ახალი რეგულაციების დანერგვის საკითხებში დახმარების შესაძლებლობები განიხილეს.