"გამოაქვეყნეთ სტატისტიკა, თქვენი ხელშეწყობით, ბათუმში რამდენი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა"

მივმართავ, ივანიშვილის „ოცნების“ ჩინოვნიკებს, გამოაქვეყნეთ სტატისტიკა, თქვენი ხელშეწყობით ბათუმში რამდენი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე მტკიცებით, “ქართული ოცნების” ჩინოვნიკები სამუშაო ადგილების შესაქმნელად არაფერს აკეთებენ, რის გამოც, მოქალაქეები ემიგრაციაში მიდიან.

„დღეს ბათუმი, “ქართული ოცნების” 12 წლიანი მმართველობის შედეგად ბევრი ნეგატიური გამოწვევის წინაშე დგას. უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური ფონის მთავარი გამომწვევი მიზეზი გაზრდილი უმუშევრობაა. ბათუმელების დიდი ნაწილი უკვე ემიგრაციაშია, ხოლო კიდევ უფრო მეტი ფიქრობს წასვლას და უცხოეთში სამუშაოს მოპოვებას. ამ ფონზე კი, „ივანიშვილის ოცნების“ ჩინოვნიკები აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია არაფერს აკეთებს ადგილზე სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ისინი ყოველწლიურად იზრდიან ხელფასებს და ადმინისტრაციულ ხარჯებს თავიანთი კომფორტისათვის. ჩვენი ბიუჯეტის ფულით ზრდიან საჯარო სამსახურში შტატებს „ოცნების“ პარტიული აქტივის დასასაქმებლად. აჭარის მთავრობის ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი ამოცანა და ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს ქალაქში სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ მივმართავ ივანიშვილის „ოცნების“ ჩინოვნიკებს გამოაქვეყნეთ სტატისტიკა, სად და რამდენი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა თქვენი ხელშეწყობით ბათუმში! ამით ნათლად გამოჩნდება და საზოგადოება დაინახავს თქვენი საქმიანობის ეფექტურობას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების პლატფორმა მიშა სააკაშვილთან ერთად 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებისთანავე შევქმნით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ეს შესაძლებელია იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით როგორებიცაა - როიალ კარიბიანის ნავსადგური, თავისუფალი სამრეწველო ზონა, გონიოს პოლიგონის ახალი ქალაქი და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ჩვენ ეს ერთხელ შევძელით. აჭარას და ბათუმს აქვს ამის პოტენციალი. ამიტომ ჩვენი ამოცანა და მიზანიც ეს არის”, - აცხადებს რეზო ხარაზი.