თბილისის საკრებულოს დეპუტატი - სამტრედიის ქუჩაზე აფეთქების გამო კორპუსის დაზიანების ხარისხი მძიმეა

თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გივი ჩხარტიშვილის განცხადებით, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც წუხელ აფეთქება მოხდა, სხვადასხვა სასტუმროში 53 ადამიანია გაყვანილი.

როგორც ჩხარტიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მომხდარის შედეგად დაზიანებულია მიმდებარე კორპუსებიც, თუმცა იქიდან ადამიანების გაყვანის საჭიროება არაა.

დეპუტატი ამბობს, რომ ფართი, სადაც აფეთქება მოხდა, კომერციული იყო, თუმცა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მუშაობენ ექსპერტები. მოსახლეობა, ვისაც თავშესაფარი არ ჰქონდა, გადაყვანილია სხვადასხვა სასტუმროში. დაზიანების ხარისხი მძიმეა. დაზიანება არის რამდენიმე კორპუსში, ჩამსხვრეულია მინები და აღნიშნულ მოქალაქეებსაც არ დავტოვებთ უყურადღებოდ. პროცესი მიმდინარეობს, ჩემი ინფორმაციით, 53 ადამიანია გაყვანილი სხვადასხვა სასტუმროში. კომერციული ფართია და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც“,- განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება გვიან ღამით მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.