სტრატეგიული მემორანდუმი - ბაქო-თბილის-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის სატრანზიტო მოცულობა 3 მლნ ტონამდე გაიზრდება

აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე ყაზახური ნავთობის ტრანზიტის მოცულობა წელიწადში 2,2 მლნ. ტონამდე თანდათან გაიზრდება. ამის შესახებ ორი დოკუმენტი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-სა და ნავთობისა და გაზის ეროვნულ კომპანია “ყაზმუნაიგაზს” შორის ბაქოში გაფორმდა.

კერძოდ, ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი ყაზახური ნავთობის ყიდვა-გაყიდვის შესახებ და შეთანხმება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყაზახური ნავთობის ტრანზიტის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ.

დოკუმენტებს აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და ყასიმ-ჟომართ თოყაევის თანდასწრებით მოეწერა ხელი.

“ყაზმუნაიგაზის” პრესრელიზში წერია, რომ „აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში მხარეები აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე სატრანსპორტო ტარიფების შემცირების, ასევე, ბაქო-სუფსის მარშრუტით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების საკითხთა განხილვას განაგრძობენ.“

კომპანია შენიშნავს, რომ აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ნავთობტრანზიტის შესახებ შეთანხმება “ყაზმუნაიგაზმა”და SOCAR-მა პირველად 2022 წელს გააფორმეს. კერძოდ, 2022 წელს ყაზახეთის პრეზიდენტმა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდაზე განკარგულება გასცა. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, “ყაზმუნაიგაზმა” და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც თენგიზის საბადოდან ბაქოში, შემდეგ კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით წელიწადში 1,5 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტს ითვალისწინებს.

ამსთან, “ყაზმუნაიგაზი” აცხადებს, რომ ყაზახეთი მომდევნო ორი წლის განმავლობაში ტრანსკასპიურ მარშრუტზე სატრანზიტო ნავთობის მოცულობის 3 მლნ ტონამდე გაზრდას აპირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ