რა ეკონომიკური ურთიერთობები აქვს საქართველოს დანიასთან - რას ვყიდით და ვყიდულობთ

დანიის სამეფოს ელჩ ენ ტოფტ სორენსენსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბარი ძირითადად შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობას. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ტურიზმის ხელშეწყობის საკითხიც.

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს დანიასთან და რამდენად მიმზიდველია დანიის მოქალაქეებისთვის საქართველო ტურისტული თვალსაზრისი.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს დანიასთან სავაჭრო ბრუნვამ 42,777 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც უდიდესი წილი იმპორტზე მოდიოდა - 41,046 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება ექსპორტს რეექსპორტის ჩათვლით, 1,731 მლნ აშშ დოლარი იყო, ადგილობრივი ექსპორტი კი 462 ათასი დოლარი.

გასულ წელს დანიაში ვიყიდეთ შემდეგი 5 ძირითადი პროდუქტი:

  • ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 5,409 მლნ დოლარი
  • ფერმენტები - 1,913 მლნ დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში გამოსაყენებელი - 1,825 მლნ დოლარი
  • ყველი და ხაჭო - 1,667 მლნ დოლარი
  • ნაღების კარაქი, რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 1,450 მლნ დოლარი

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, დანიამ შემდეგი 5 ქართული პროდუქტი იყიდა:

  • მანგანუმის ოქსიდები - 153 ათასი დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინო - 78 ათასი დოლარი
  • მცენარეული წვენები - 57 ათასი დოლარი
  • კოსმეტიკური, მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 46 ათასი დოლარი
  • საკვოიაჟები, სამგზავრო ხელჩანთა-ჩემოდნები - 25 ათასი დოლარი

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ფულადი გადარიცხვების თვალსაზრისით ორი ქვეყნის ურთიერთობა ასე გამოიყურება - საქართველოდან დანიაში 2023 წელს 18 700 აშშ დოლარი, ხოლო დანიიდან საქართველოში 1,2 მილიონ დოლარამდე თანხა გადმოირიცხა.

რაც შეეხება ტურიზმს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში დანიიდან ჯამში 4 202 ვიზიტი განხორციელდა. 2022 წელს ვიზიტების რაოდენობა 3 103-ს შეადგენდა, ეს ნიშნავს იმას, რომ 2023 წელს დანიიდან ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი.

მერი ტაბატაძე