სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

შიდა ქართლის სოფლებში მოსული სეტყვის გამო, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფლების მერეთის, კარბის, კოშკისა და გუგუტიანთკარის მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ბანკებიდან აღებული კრედიტების და განადგურებული მოსავლის გამო, მძიმე მდგომარეობაში არიან.

დღეს დილიდან ადგილობრივები კარბსა და მერეთში არიან შეკრებილები. მათი განცხადებით, მოსავლის 99% განადგურებულია. "სეტყვის შედეგად ჩვენი სოფლები შარშანაც დაზარალდა. ხელისუფლება დახმარებას გვპირდებოდა, თუმცა არავის არანაირი დახმარება არ მიუღია. შარშან თვითმმართველობის არჩევნები იყო და ალბათ დახმარებასაც ამიტომ დაგვპირდნენ. წელს კი, ელემენტარული ყურადღებაც კი არავის გამოუჩენია და არავინ მოსულა ვითარების შესასწავლად. თუ ადგილობრივი ხელისუფლება დღის ბოლომდე არ დაინტერესდება ჩვენი მდგომარეობით, ხვალიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გავმართავთ. დაზარალებული სოფლები ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. აქ საკმაოდ რთული მდგომარეობაა და მოსახლეობისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ მძიმე ტვირთია", - აცხადებს სოფელ მერეთის მცხოვრები გოდერძი მახარაშვილი.

სტიქის გამო, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცოტა ხანში საგანგებო თათბირს გამართავენ.