ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში დაბრუნდა - ივანიშვილის ქონება კი რეკორდულ მაჩვენებელზეა

Bloomberg-ის მილიარდერთა ჩამონათვალში ისევ 2 ქართველი ბიზნესმენია. მიხეილ ლომთაძე რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგს დაუბრუნდა, ბიძინა ივანიშვილის ქონება კი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა.

ამ დროისთვის ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელის მიხეილ ლომთაძის ქონება Bloomberg-ს 5.82 მლრდ დოლარად აქვს შეფასებული, მიმდინარე წლის დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი 5.05 მლრდ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა. შემდეგ თვეში ლომთაძის ქონება შემცირდა და შესაბამისად, რეიტინგს რამდენიმე თვის განმავლობაში „გაეთიშა“. მაგრამ დღეს ის ისევ მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის იკავებს ადგილს და Bloomberg-ის რეიტინგში 492 ადგილზეა.

Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში 381-ე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონებაც ამ დროისთვის 7 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2024 წლის დასაწყისში მისი ქონება 6.6 მლრდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, მიხეილ ლომთაძე ამ სიაში 2021 წლის აპრილიდან არის. ამ დროისთვის Forbes-ის მიხედვით, ლომთაძე რეიტინგში 573-ე ადგილზეა, ის 5.3 მლრდ დოლარს ფლობს. ბიძინა ივანიშვილი კი Forbes-ის რეიტინგში 4.9 მლრდ დოლარით 623-ე ადგილს იკავებს.

ელზა წიკლაური