Red Wings-ი თბილისსა და ბათუმში გროზნოდანაც იფრენს - კიდევ რა მიმართულებებს ამატებს ავიაკომპანია

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით რეისებს ამატებს. რუსული მედიის ინფორმაციით, კომპანიამ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოსგან 13 მარტს დამატებითი ფრენების წინასწარი ნებართვა უკვე აიღო.

Red Wings-ს ფრენების დაწყება შემდეგი მიმართულებებით სურს:

  • ირკუტსკი-თბილისი
  • ნოვოსიბირსკი-თბილისი
  • გროზნო-თბილისი
  • ნოვოსიბირსკი-ბათუმი
  • გროზნო-ბათუმი
  • ნოვოსიბირსკი-ქუთაისი

თითოეულ მიმართულებაზე გაიცა ნებართვა კვირაში შვიდი რეისის შესასრულებლად.

ამ დროისთვის Red Wings-ი დაფრინავს შემდეგი მიმართულებებით - მოსკოვიდან ბათუმში; მოსკოვიდან და პეტერბურგიდან ქუთაისში; თბილისში სანკტ-პეტერბურგიდან, სამარადან, ყაზანიდან და ეკატერინბურგიდან.

აღსანიშნავია, რომ რუსული ავიაკომპანიის ახალი ფრენების დასაწყებად საჭიროა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით განკარგულებას ხელი 2023 წლის 10 მაისს მოაწერა. ამავე დოკუმენტით, აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის. განკარგულება ძალაში 15 მაისიდან შევიდა. მოსკოვი-თბილისის რეისს რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი 19 მაისიდან ასრულებს, Red Wings-მა კი ფრენები 11 ივლისიდან დაიწყო. 20 მაისიდან რუსეთის ქალაქების მიმართულებით დაფრინავს ქართული ავოაკომპანია Gorgian Airways-იც.