დღეიდან პენსიონერების სესხებზე პირობები განახლდება - ვის და რა ეცვლება?

დღეიდან, 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით და ოვერდრაფტებით. ამის შესახებ „ლიბერთის“ მიერ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.

ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.

  • „ლიბერთის“ პასუხები საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით, ხშირად დასმულ კითხვებზე:

ვინ ისარგებლებს განახლებული პირობებით?

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. ცვლილება შეეხება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.

რა მექანიზმით დაკორექტირდება საპროცენტო განაკვეთი?

მომხმარებლებს სესხის მიმდინარე პირობები ავტომატურად დაუკორექტირდებათ, ბანკში დამატებითი ვიზიტის გარეშე.

რამდენი პროცენტი გახდება საპენსიო სესხი?

განახლებული საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება ცვლილების დღეს არსებულ TIBR6M ინდექსს + 15%-ს (არაუმეტეს 25%-ისა);

როგორ გამოითვლება საპენსიო სესხის პროცენტი?

საპენსიო სესხის პროცენტი დამოკიდებულია 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის TIBR ინდექსზე (TIBR6M ინდექსის მონაცემები გამოქვეყნებულია შემდეგ მისამართზე - https://nbg.gov.ge/monetary-policy/tibr), რომელიც ცვალებადია. 2023 წლის 3 იანვრიდან სესხის/ოვერდრაფტის წლიური ნომინალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება კრედიტის გაცემის მომენტში 6 თვიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის TIBR ინდექსისა (TIBR6M) და 15 პროცენტული პუნქტის ჯამური ოდენობით, რომელიც უცვლელი იქნება სესხის მოქმედების ვადის ბოლომდე.

რა ცვლილება განხორციელდება საპენსიო სესხების შემთხვევაში?

საპენსიო სესხის შემთხვევაში, სასესხო კონტრაქტის დასრულების თარიღი დარჩება უცვლელი. ყოველთვიურად დასაფარი თანხა კი პროცენტის კორექტირების ხარჯზე შემცირდება.

როგორ დაკორექტირდება ვადაგადაცილებული სესხები?

ვადაგადაცილებული სესხების შემთხვევაში, ცვლილების თარიღამდე დარიცხული საპროცენტო დავალიანება დარჩება უცვლელი, ხოლო ცვლილების დღიდან, ანუ 2024 წლის 15 მარტიდან სესხის დასრულების თარიღამდე, დაკორექტირდება დაფარვის გრაფიკი. ვადის დასრულების თარიღი დარჩება უცვლელი და ყოველთვიურად დასაფარი თანხა კი პროცენტის კორექტირების ხარჯზე შემცირდება.