ევროკავშირის მხარდაჭერით World Vision აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას საქართველოში

ევროკავშირის მხარდაჭერით, World Vision საქართველომ დაიწყო ახალი პროექტი SKYE NET – „ცოდნისა და უნარების გაძლიერების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების, აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი ციფრული, სოციალური მეწარმეობისა და კარიერული მართვის უნარების განვითარების გზით.

„World Vision წლებია თანამშრომლობს ევროკავშირთან და წარმატებით ახორციელებს ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდამჭერ პროგრამებს საქართველოში. აღნიშნული პროექტიც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ახალგაზრდა თაობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ჩვენი მიზანია დავძლიოთ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში, რაც არის ახალგაზრდების პასიურობა. კერძოდ, ახალგაზრდების 76% არ არის ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში, რაც საბოლოოდ ასევე განაპირობებს ქვეყნიდან ახალგაზრდა სეგმენტის გადინებას; ბოლო 10 წელიწადში მაჩვენებელმა 12%-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ორგანიზაცია, მათ შორის ჩვენ, აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, საგანგაშო სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ კიდევ მეტის გაკეთება გვმართებს ამ კუთხით,“ - აღნიშნა ეკატერინე გურგენაძემ, World Vision საქართველოს დირექტორმა.

shida-poto-2-1710499504.jpg

ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ პოტენციალის სრული რეალიზებისთვის აუცილებელია, სახელმწიფოში არსებობდეს სათანადო პირობები და ტარდებოდეს თანმიმდევრული ახალგაზრდული პოლიტიკა. ევროკავშირის მხარდაჭერით მრავალი წელია საქართველოში ხორციელდება ახალგაზრდების მხარდამჭერი პროგრამები. აღნიშნული პროექტიც სწორედ ევროკავშირის მიერ EU4Youth პროგრამის ფარგლებში არის დაფინანსებული და ხორციელდება WORLD VISION საქართველოს, WORLD VISION სომხეთის, MilleniuM ტრენინგისა და განვითარების ინსტიტუტისა (მოლდოვა) და IRIS ბიზნეს ინკუბატორის (სომხეთი) ერთობლივი ძალისხმევით. შესაბამისად, პროექტი ემსახურება ახალგაზრდების გაძლიერებას და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას აღნიშნულ ქვეყნებში.

ევროკავშირის ცენტრალური პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების მენეჯერის, სიმონა გაიდიტეს თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში ახალგაზრდების გაძლიერება და მათი განვითარების ხელშეწყობა.

„EU4Youth მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობა (ბიუჯეტი: 15 მილიონი ევრო), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის უდიდეს მხარდაჭერას ახალგაზრდების მიმართ საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში. ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა მოიაზრებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას, როგორიცაა არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემა ახალგაზრდების მეტი ჩართულობისთვის, ადმინისტრაციული ორგანოებისა და სააგენტოების ინსტიტუციური გაძლიერება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარებისთვის, ასევე ახალგაზრდების სტიპენდიებით უზრუნველყოფა საზღვარგარეთ, კერძოდ ევროპის კოლეჯში -ნატოლინში, განათლების მისაღებად. პროექტი SKYE NET-იც სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურება და EU4Youth-ის საქმიანობის და ახალგაზრდებთან მუშაობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს“, - განაცხადა სიმონა გაიდიტემ.

რადგან საქართველოში საშუალოდ ყოველი მესამე ახალგაზრდა არ მუშაობს და არც რაიმე სახის საგანმანათლებლო სახის აქტივობაში არის ჩართული, მნიშვნელოვანია მათთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენა, რაც გააქტიურებს მოწყვლად ახალგაზრდებს. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, პროექტის ფარგლებში დაარსდება 10 ახალგაზრდული კლუბი, საქართველოს 5 რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი), რომელიც გააერთიანებს 500-ზე მეტ ახალგაზრდას. აღნიშნული კლუბების მეშვეობით ერთი წლის მანძილზე ახალგაზრდები შეძლებენ შეიძინონ მეწარმეობისთვის საჭირო ცოდნა, გამოიმუშაონ ლიდერობისა და ციფრული უნარები, რაც მათ დაეხმარება თვითრეალიზებაში. ასევე პროექტის ფარგლებში, World Vision საქართველო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 10 სოციალურ საწარმოს (წარმატებულ ბიზნეს იდეას) დააფინანსებს საშუალოდ 5000 ევროს ოდენობით, რაც ახალგაზრდა დამწყებ მეწარმეებს დაეხმარება თავიანთი საქმის წამოწყებაში.

World Vision საქართველოს ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერის ირაკლი გიორბელიძის თქმით, რადგან ქვეყანაში საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია სოციალური მეწარმეობის და მისი დადებითი გავლენის შესახებ, SKYE NET პროექტი ასევე მოიაზრებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და რეგიონული ფორუმების ჩატარებას, სოციალური მეწარმეობის პოპულარიზებისთვის. სოციალურ მეწარმეობას აქვს დიდი პოტენციალი შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის განვითარებაში. ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, სოციალური მეწარმეობა განიმარტება შემდეგნაირად: სოციალური საწარმო არის ბიზნეს პრინციპებით მოქმედი საწარმო, რომელსაც მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესებისგან განსხვავებით, აქვს სოციალური მისია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად. რაც მთავარია, მას შეუძლია მრავალმხრივი სარგებლის მოტანა: ის ხელს უწყობს მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას; არის სოციალური ინტეგრაციის მექანიზმი; შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი გარემოსდაცვითი, კულტურული, არაფორმალური განათლების სფეროებში და სიღარიბის დასაძლევად არის ეფექტური მექანიზმი.

პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარ ახალგაზრდებს საქართველოდან, სომხეთიდან და მოლდოვიდან, ვინც გადამზადდება პროგრამის მეშვეობით, საშუალება ექნებათ მწვანე და ციფრული მიდგომებისა და ბიზნეს ტრანსფორმაციის შესახებ მიღებული ცოდნა და პრაქტიკები ერთმანეთს გაუზიარონ, საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით, რომელიც სპეციალურად პროექტის ფარგლებში შეიქმნება. SKYE NET პროექტის დასკვნით ეტაპზე შეიქმნება სახელმძღვანელო, სადაც წარმოდგენილი იქნება წარმატებული სოციალური საწარმოების შესახებ ინფორმაცია, ასევე სოციალურ მეწარმეობაში არსებული გამოწვევები და რეკომენდაციები, რომლის ლობირება მოხდება პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან.

პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად 10 000-ზე მეტი ადამიანი აიმაღლებს ცოდნას სოციალური მეწარმეობის შესახებ, 1000-მდე ახალგაზრდა გადამზადდება და 50-მდე სოციალური საწარმო დაფინანსდება სომხეთში, მოლდოვასა და საქართველოში, რაც განაპირობებს ახალგაზრდების გააქტიურებას, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას, თვითდასაქმებასა და რეალიზებას.

shida-poto-1-1710499523.jpg

პროექტის შესახებ

პროექტი „SKYE NET - ცოდნისა და უნარების გაძლიერების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Youth პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება WORLD VISION საქართველოს, WORLD VISION სომხეთის, MilleniuM ტრენინგისა და განვითარების ინსტიტუტის (მოლდოვა) და IRIS ბიზნეს ინკუბატორის (სომხეთი) მიერ. რეგიონული პროექტი ორწლიანია და ხელს უწყობს ახალგაზრდების, განსაკუთრებით მოწყვლადი ახალგაზრდების, აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი ციფრული, სოციალური მეწარმეობისა და კარიერული მართვის უნარების განვითარების გზით. პროექტი ასევე ეხმარება ახალგაზრდა სოციალურ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისკენ, ციფრული და მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია World Vision საქართველო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

NS