ვინ არის თანამდებობის პირი, რომელმაც 4 კომპანია და უძრავი ქონება დამალა - TI

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ ვასილ ხახულაშვილმა 2024 წელს შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ მიუთითა და სრულად არ ასახა უძრავი ქონება.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ხახულაშვილი ბიზნეს წილებს ოთხ კომპანიაში ფლობს, რომელთაგან არცერთი არ არის ასახული დეკლარაციაში. საყურადღებოა, რომ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ მან არც 2022 და 2023 წლის დეკლარაციებში არ მიუთითა. ხახულაშვილი ფლობს შემდეგ კომპანიებში წილებს: შპს „ი გაზი“ - 25%, შპს „აი გაზი+“ - 50%, შპს „გაზი 555“ - 49% და შპს „გაზი 555+“ - 49%.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვასილ ხახულაშვილმა მის მფლობელობაში არსებული ბიზნესწილები მართვის უფლებით არ გადასცა მესამე პირს, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის პირდაპირი დარღვევაა. ამასთანავე, ვასილ ხახულაშვილმა დეკლარაციაში სრულად არ ასახა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. კერძოდ, მან არ მიუთითა ქალაქ მარნეულში მის საკუთრებაში არსებული 1400 და 1460 კვ.მ მიწის ნაკვეთები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ვასილ ხახულაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციაში.

მერი ტაბატაძე