სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსებისთვის 36 743 994 ლარის გამოყოფა იგეგმება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსებისთვის 2015 წლის 1-ელი აგვისტოდან წლის ბოლომდე დაახლოებით 36 743 994 ლარის გამოყოფა იგეგმება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი ზვიად ოქროპირიძე განმარტავს, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილებების მომზადება დაევალება, ხოლო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანამდე, სამსახურის დაფინანსებას, საკუთარი ასიგნებებიდან, შსს განახორციელებს. მისივე თქმით, დაგეგმილი რეფორმა ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯს არ იწვევს.

როგორც ოქროპირიძე აცხადებს, მოსალოდნელი არ არის კადრების გაშვება, შემცირება. "დაგეგმილი ცვლილებების მთავარი მიზანია, შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ფუნქციების მკაფიოდ გაყოფა და სისტემის მომზადება შემდეგი რეფორმირებისათვის", - აცხადებს ზვიად ოქროპირიძე.

პარლამენტის სამი კომიტეტი მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფასა და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს.  მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია 55 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი. აქედან მთავარი კანონპროექტებია "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" პროექტი და "პოლიციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა ამოქმედებაც 1-ელი აგვისტოდან არის დაგეგმილი.

შესაბამისად, 1-ელი აგვისტოდან შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი აირჩევს. სამსახური ორმაგ დაქვემდებარებაში იქნება: - ის ანგარიშვალდებულია პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.