„თბილისი უკვე ჰგავს ბეირუთს, სირიას და უკეთეს შემთხვევაში ისრაელს“ - ქალაქ-მგეგმარებელი თბილისზე

„თბილისი უკვე ჰგავს ბეირუთს, სირიას და უკეთეს შემთხვევაში ისრაელს“ - ამბობს ქალაქ-მგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, რადიო პალიტრის გადაცემაში „თქვენი დრო“, სადაც განხილვის მთავარი თემა თბილისში მიმდინარე უკონტროლო მშენებლობები და განაშენიანების პოლიტიკის სავალალო შედეგები იყო.

ზურაბ ბაქრაძის თქმით, საქართველოში ქალაქმშენებლური სამართლის კოდექსი რეალურად მხოლოდ ინვესტორთა ინტერესებზეა მორგებული და მასში მრავალი ნაკლი არსებობს.

„ეს სამართალი არის იმისთვის, რომ ინვესტორებმა ქალაქი მხოლოდ ფულის გასაკეთებელ ტერიტორიად დაინახონ. ის არ უწევს ანგარიშს ადგილობრივ მოსახლეობას, სამეზობლოს და ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს. იმდენად ბევრი ნაკლი და დარღვევაა ამ კოდექსში, რომ იგი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და მასში არსებობს საოცარი გადაცდენები“, - ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

მისი თქმით, კოდექსის ერთ-ერთ უმთავრეს დარღვევას ის წარმოადგენს, რომ იგი ინვესტორებს და კომპანიებს ნებას რთავს, საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს, თუნდაც რამდენიმე სანტიმეტრიანი დაშორებით ააშენონ, რაც თავისთავად დაუშვებელია.

„წესების მიხედვით, კორპუსი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შეიძლება დაიდგას მიწის ნაკვეთის საზღვარზეც კი, იმის გარანტიის გარეშე, რომ იქედან მოუშენდება რაღაც. ე.ი. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს 2-3-სართულიანი სახლი და თავისი მიწის ნაკვეთის საზღარზე აუშენონ 20-სართულიანი კორპუსი. ფაქტობრივად, დაშორება შეიძლება რამდენიმე სანტრიმეტრი იყოს. ამას დაშორების სიბრტყეები ჰქვია და ჩვენთან იგი სასტიკად ირღვევა“,- აღნიშნავს ზურაბ ბაქრაძე რადიოეთერში.

ქალაქის მგეგმარებელს მაგალითად მოჰყავს გერმანიის მაგალითი, სადაც განაშენიანებისა და მშენებლობების რეგულაციები საკმაოდ კარგადაა დაცული და იქაური პრაქტიკა თბილისისთვის მისაბაძი უნდა გახდეს.

„გერმანიაში არსებობს გარკვეული ნორმები, სადაც დაშორების სიბრტყე შეიძლება იყოს შენობის სიმაღლის ტოლი, ან სიმაღლის 80%-40%. ეს არის იმის ჯამური შედეგი, თუ რა სიშორეზე უნდა იყოს მიწინაკვეთის საზღრიდან შენობა.“, - აღნიშნავს რესპონდენტი.

ზურაბ ბაქრაძე თბილისში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამბობს, რომ დედაქალაქი ევროპულ ქალაქზე მეტად ბეირუთს, სირიასა და კარგ შემთხვევაში ისრაელს ჰგავს.

ბაჩანა ტყემალაძე