ბათუმში 2024 წლის იანვარში ბინების დღიური ქირის ფასი, Airbnb-ს სტატისტიკით, 39 დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით, 4 დოლარით მეტია.
Airbnb კომპანიაა, რომლის საიტზეც მოგზაურებს შეუძლიათ მოიძიონ ნებისმიერი სახის და მოცულობის საცხოვრებელი სახლები უცხოეთში, სადაც მოგზაურობის დროს დარჩებიან. იგი 2008 წელს დაარსდა და მის საიტზე განთავსებული განცხადებები 191 ქვეყანასა და ასობით ქალაქს მოიცავს.
2024 წლის იანვრის მონაცემებით, Airbnb-ზე ბათუმის ტერიტორიაზე არსებული 4 668 საცხოვრებელი სახლია განთავსებული. დღიური ქირის საშუალო ფასი, ერთი წლის მონაცემებით, სულ რაღაც 42 დოლარს შეადგენს.
განთავსებული განცხადებებიდან ყველაზე 2 218 მათგანი ერთ-საძინებლიანი სახლია, ხოლო ყველაზე ცოტა, ხუთ-საძინებლიანი. აღსანიშნავია ისიც, რომ 4 668 განცხადებიდან, 628 სასტუმროებზე და private room-ებზე მოდის.
Airbnb-ის ინფორმაციით, ბათუმელი გამქირავებლები სახლის დასუფთავებისთვის, საშუალოდ 24 დოლარს მოითხოვენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ცენტრი და ზღვისპირა ქალაქია, ყველაზე მეტი დამსვენებელი და ტურისტი აღნიშნულ ქალაქში, ზაფხულის თვეებში ჩადის, აქედან გამომდინარე, გასული ერთი წლის განმავლობაში, დღიური ქირის ფასი ყველაზე მეტი ივლის-აგვისტოში იყო და იგი 48-49 დოლარს შეადგენდა. ხოლო აგვისტოს შემდეგ, როდესაც უკვე ზაფხულის ტურისტული სეზონი დასრულებისკენ წავიდა, დღიური ქირის ფასი თითქმის 10 დოლარით დაეცა.