დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ" კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღებით ისეთი ადმინისტრაციული და სამართლებრივი ჩარჩო შეიქმნება, რომელიც დაარეგულირებს პატენტრწმუნებულთა როგორც საქმიანობის, ასევე მათი ვალდებულებების, მუდმივი განვითარებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს, რაც თავის მხრივ, სარგებლის მომტანი იქნება ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

კანონპროექტის თანახმად, შემუშავდება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ახალი სტანდარტი.

„პირებს, რომლებიც ამ კანონის საფუძველზე ჩააბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდას, ექნებათ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში წარმომადგენლობისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები", -განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტით, სავალდებულო გახდება პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. სავალდებულო იქნება, რომ პატენტრწმუნებულმა გარკვეული პერიოდულობით დაადასტუროს, რომ ის აგრძელებს კვალიფიკაციის ამაღლებას თავისი საქმიანობის სფეროში.

ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს ახლებურად ჩამოყალიბდეს პატენტრწმუნებული ინსტიტუტი. გარდა ამისა, შეიქმნება პატენტრწმუნებულთა ასოციაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ინსტიტუტის მდგრად განვითარებას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.