ზუგდიდში "მაკდონალდსი" გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდში დღეს "მაკდონალდსი" გახსნა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპული ტენდენციების მიხედვით შექმნილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი რესტორანი უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში - ხუთ თვეში აშენდა. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 5.2 მილიონი ლარი შეადგინა.

"ეს არის უნიკალური პროექტი. მსგავსი ტექნოლოგიებით გაკეთებული რესტორანი მეხუთეა ევროპაში და მისასალმებელია, რომ ის ზუგდიდში გაიხსნა. რესტორნის გახსნაში აქტიურად იყო ჩართული გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლება. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის ელჩს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი. ჩვენ გვიხარია, რომ კიდევ ერთი ამერიკული რესტორანი გაიხსნა საქართველოში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, რიგით მე-7 რესტორანში დასაქმებულია 70 ახალგაზრდა.