საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა.
შესაბამისად, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი.
როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, კვების ობიექტების ნაწილი უკვე გადავიდა ამ ახალ წესზე, ნაწილი კი გაზაფხულ-ზაფხულს ელოდება, თუმცა ნელ-ნელა ყველა ამ ახალ სტანდარტზე გადაეწყობა.
„ეს არის მითითება თუ როგორ უნდა მოიქცნენ რესტორნები და „რეიდებს“ უკვე ხვალიდან არ დაიწყებენ. მაგრამ თუ რომელიმე მომხმარებელმა უჩივლა ობიექტს და მოტყუების ფაქტი დადასტურდა, რესტორანს სანქცია დაუწესდება და სწორიც იქნება.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ამ სტანდარტით მოწინავე ვართ მსოფლიოში (სხვა ქვეყნებში - ევროპასა თუ ამერიკაში, ყველგან ცალკეა მითითებული დღგ) საქართველოში რესტორნები ნელ-ნელა გადავლენ ამ ახალ წესზე.
ზოგიერთი რესტორანი უკვე გადადის ამ ახალ წესზე და თავში ირტყამს ხელს - ვაი, ვაი-ო!. ზოგი გაზაფხულს ელოდება, ზოგიც - ზაფხულს. საბოლოოდ, თუ რა ეფექტი ექნება და რამდენად გონივრული იყო ეს ცვლილება, ამის შეფასება სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება,“- აღნიშნა გაბრიჩიძემ.
მისივე თქმით, ახალ წესზე გადასვლა, კვების ობიექტებისთვის დამატებითი ხარჯია, ამასთან მნიშვნელოვნად გაზრდის მენიუს ფასს, რაც კიდევ უფრო გაართულებს ტურისტების მოზიდვას.
„რესტორნების 1/3 კორონას შეეწირა, ახლა ბიზნესი ცდილობს ფეხზე დადგეს და ისევ ასეთი პოლიტიკა, რომ კიდევ ცოტა ზედმეტი ავაფცქვნათ, არასწორია.
ახალ წესის დანერგვის გამო, თავიდან უნდა გადავეწყოთ, მენიუები თავიდან დავბეჭდოთ, კალკულაცია თავიდან მოგვიწევს. შედეგად კი, როდესაც ამ ყველაფერს შეიტან, მენიუს ფასები ძალიან გაიზრდება და კონკურენტულ ბაზაზე საკმაო ნახტომიც იქნება ფასებში. მაგალითისთვის, იგივე თურქეთი რომ ავიღოთ, ისეთი დაბალი ფასებია, რითი უნდა შევედაროთ?!
გაიზარდა კომუნალური გადასახადები, სამომხმარებლო ბაზარზეც ფასების ზრდა აწვება სარესტორნე ბიზნესს, მინიმუმ 1.5-ჯერ არის დარგში დასაქმებულთა ხელფასები გაზრდილი, ახლა კიდევ ეს ახალი რეგულაცია, რომელიც დამატებითი ხარჯია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საბოლოოდ უნდა აისახოს გასაყიდ ფასში, რაც რიკოშეტულ ეფექტს გამოიწვევს,“- განაცხადა გაბრიჩიძემ.