„მომხმარებელი წინასწარ გვიხდის ფულს სასურველი ბოსტნეულის მოყვანისთვის“ - იაპონური პროექტის ქართული ანალოგი

სალომე კალანდაძისა და ირაკლი გიკაშვილის საოჯახო მეურნეობა ლანჩხუთის სოფელ ნიგოითში მოკლედ ასეც შეიძლება შეაფასო: ასე გააზრებული შრომის მაგალითი ბევრი რომ გვქონდეს, ქვეყნის კეთილდღეობას ეს დიდად წაადგებოდა. დედაქალაქში დაბადებულმა და არცთუ ურიგო კომფორტში მყოფმა ახალგაზრდა ოჯახმა სოფლად თითქოს დროებით, პანდემიის დროს გადაინაცვლა. თუმცა მალე აღმოაჩინეს, რომ სოფლიდან წასვლა აღარ სურდათ. ასეთ ნაბიჯებს, დიდი ალბათობით, უცაბედი გადაწყვეტილებები არ ედება საფუძვლად და ემოციურადაც სჭირდება შემზადება ცხოვრების ნირის შეცვლას. მიწასთან ურთიერთობამ სხვა სიმშვიდე და სტიმული მოიტანა.

მიწასთან ურთიერთობამ სხვა სიმშვიდე და სტიმული მოიტანა. შეიქმნა ბიომეურნეობა ნიგოითში, რომელიც დღეს არაერთი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჯანსაღ ბოსტნეულს იღებენ. საქმეს იდეებით სავსე ორი ადამიანი უძღვება. სალომე კალანდაძე გვესაუბრება.

- პანდემია უნდა გავიხსენოთ, - სწორედ მან ჩამოგიყვანათ სოფელში ხანგრძლივად, რაც მერე მუდმივიც გამოვიდა.

- თავიდან მთელი ოჯახი ჩამოვედით. შემდეგ ჩვენები სამსახურებს დაუბრუნდნენ, მე და ჩემი მეუღლე კი დავრჩით. მალე მივხვდით, რომ წასვლა აღარ გვინდოდა, მით უფრო, რომ გვაქვს მშობლების შეძენილი მიწა, სამსახურის საქმე კი შეგვეძლო ინტერნეტითაც გვეკეთებინა.

პირველად სიმინდი მოვიყვანეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა უპასუხისმგებლო ადამიანების დამსახურებით (ამის შესახებ უნდა ვთქვა, რადგან, სამწუხაროდ, ხშირია), რომელთაც ყანაში პირუტყვი შეუშვეს, მეორედ კი ქარიშხალმა 3 ჰექტარზე მოყვანილი საუკეთესო ყანა ჩაგვიწვინა. თუმცა გული არ გაგვიტეხია, რაკი ეს საქმე არ გამოგვდიოდა, რადგან ამ სფეროში დაზღვევაც არ მუშაობს, შერეულ მებოსტნეობაზე გადავედით. ამჟამად 1,5 ჰექტარზე 40 სახის ბოსტნეული მოგვყავს. მოგვიანებით მივხვდი, რომ პანდემიის გარეშეც, წლების განმავლობაში ვემზადებოდი სოფელში საცხოვრებლად და სამუშაოდ. ჯერ კიდევ 2016 წელს "სკრინად" შემინახავს ტელეფონში იმ მეურნეობის მოდელი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობ. ეს არის ე.წ. წინასწარი გაყიდვების მეურნეობა, როდესაც მომხმარებელი წინასწარ უხდის ფულს ფერმერს სასურველი ბოსტნეულის მოყვანისთვის. როდესაც ბოსტნეული შემოვა, მომხმარებელს ის რეგულარულად, კვირაში ორჯერ მიაქვს. პროექტი იაპონელების გამოგონებაა, ამჟამად მთელ მსოფლიოშია დანერგილი.

- საინტერესოა ამ პროექტის ქართული ვარიანტი.

- ჩვენს პროდუქციას მომხმარებელს სოციალური ქსელით ვაცნობ. თავდაპირველად კონტაქტი უფრო ხშირი გვქონდა, ახლა კი ნაკლებად, რადგან უკვე ბევრი მომხმარებელი გვყავს, ჩვენი პროდუქციის ხარისხიანობაში დარწმუნდნენ. ჩვენი კლიენტები, რომლებიც თბილისსა და ბათუმში ცხოვრობენ, წელიწადში 10 თვის განმავლობაში წინასწარ გვიხდიან თანხას ბოსტნეულის მოვლა-მოყვანისთვის. მე-5 თვიდან ჩვენც კვირაში ორჯერ ვაწვდით დაფასოებულ პროდუქციას. ამ ბოსტნეულში შედის ყველანაირი კომბოსტო, მათ შორის წითელიც, ისპანახი, სტაფილო, რუკოლა, ყველა მწვანილეული და ა.შ.

- აქედან გამომდინარე, არ გექნებათ ჭარბი მოსავალი, რომელსაც მეურნეები ზოგჯერ, სამწუხაროდ, ყრიან კიდეც.

- არა, წინასწარ ვიცით, რა და რამდენი მოვიყვანოთ და ეს მართლაც შვებაა მეურნისთვის. შრომა არ არის იოლი, მით უფრო სოფლად, და მოწეული მოსავლის გადაყრა ძალიან ძნელია.

- მუშახელს როგორ შოულობთ?

- ვერ ვშოულობთ და ასევე ხშირად ამას ხელს თავად მუშახელის სიზარმაცეც უშლის. ამიტომაც ასე მოვიფიქრეთ: არსებობს საიტი, სადაც შეგიძლია მასპინძლად დარეგისტრირდე, მიუთითო, რა მიმართულებით მუშაობ, რომ დამხმარე გჭირდება, რომელსაც ბინითა და კვებით უზრუნველყოფ. განაცხადს უამრავი ადამიანი გამოეხმაურება, რომელთაც მოჰბეზრდათ ქალაქები, უნდათ ადგილის შეცვლა და უყვართ შრომა. გამოგეხმაურებიან ისინიც, ვისაც ხანგრძლივი მოგზაურობა სურს. ასე ჩამოვიდნენ ჩვენთან შოტლანდიელები და გერმანელები, რომლებიც რამდენიმე თვით დარჩნენ და ძალიან მოეწონათ აქაურობა - სად არ დავდივართ, მაგრამ არც ასეთი სილამაზე გვინახავს და არც ასეთი გემრიელი საკვებიო.

- თავად უმზადებთ?

- შეუძლიათ მათაც დაამზადონ, მაგრამ უმეტესად თავად ვუმზადებ. შემიძლია თავის მოწონება, რომ კარგი მზარეული ვარ და ეს მახარებს. ახლა გერმანელები მიდიან და კოლუმბიელი და ფრანგები ჩამოდიან. თუმცა გერმანელებიც გვპირდებიან, ისევ ჩამოვალთო. იმედია, მათი ჩამოსვლისას მაინც ვიქნებით კომფორტულად და აღარ მოუწევთ ცივ და მოუწყობელ სახლში ყოფნა. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვახერხეთ კომფორტის აწყობა, მთელი ფული მეურნეობის გაფართოებაზე მიდის. განაგრძეთ კითხვა