სოფელ ცაიშში ახალ სასათბურე მეურნეობაში 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სოფელ ცაიშში, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებული საწარმო STIMOR Associate დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ცაიშში ახალი სასათბურე მეურნეობა 5,5 ჰექტარზეა გაშენებული და სულ 8 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული. სამთავრობო პროგრამის ფარგლებში STIMOR Associate-მა 2 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო.

"საწარმო შეიქმნა სახელმწიფო თანადაფინანსებით, ეს არის ქართული ინვესტიცია. სათბურში დღეში 10 ტონა პომიდორი მოჰყავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. ჩვენ მთავარ ამოცანად დავისახეთ ქართული წარმოების განვითარება და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული პომიდორი ეტაპობრივად უკვე ანაცვლებს იმპორტირებულ დაბალხარისხიან პომიდორს. 3 ეტაპად ვითარდება რესურსი. გეიზერული წყლები და აქ არსებული რესურსი წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ რესურსით დავინტერესდით. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 2-3 წელიწადში ჩვენ ჩავანაცვლებთ იმპორტირებულ ბოსტნეულს, რაც არის მართლაც ეროვნული საქმე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს 3 ჰექტარზე უკვე მიღებულია 150 ტონა პომიდვრის მოსავალი, რომელიც გადის როგორც შიდა ბაზარზე, ასევე - ექსპორტზე. დარჩენილ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. მოქმედ სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია - 45, ხოლო მშენებარე ტერიტორიაზე - 120 ადგილობრივი.