საქართველო რუსეთის ახლო სამეზობლო ქვეყნებს შორის სიდიდით მეექვსე სავაჭრო პარტნიორია

საქართველო რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაში ახლო სამეზობლო ქვეყნებს შორის მეექვსეა. რეიტინგი „რია ნოვოსტიმ“ ამ ქვეყნების სტატისტიკის ეროვნულ სამახურებზე დაყრდნობით შეადგინა.

კერძოდ, 2023 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 2,5-მილიარდიან ბრუნვაზე ნაკლებია.

მთლიანობაში, 2023 წელს რეგიონების ქვეყნებთან რუსეთის სავაჭრო ბრუნვა რეკორდულად, 56,2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის 52,5-მილიარდიან ბრინვაზე 7%-ით მეტია.

მოსკოვის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ყაზახეთი, უზბეკეთი და სომხეთია.

ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვა წლის განმავლობაში სტაბილური იყო და 26 მლრდ დოლარს შეადგენდა, თუმცა ქვეყნის წილი ოდნავ შემცირდა და 2022 წლის 50%-დან, თითქმის, 46%-მდე მოიკლო.

უზბეკეთი რეგიონში რუსეთის მეორე უმსხვილესი პარტნიორია, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვა, 2022 წელთან შედარებით, 5,4%-ით, 9,9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

პირველ სამეულს სომხეთი ხურავს, რომელთანაც ვაჭრობა გასული წლის ბოლოს 1,4-ჯერ, 7,3 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

მეოთხეზე აზერბაიჯანია. გასულ წელს რუსეთთან ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა, თითქმის, 18%-ით, 4,4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

სამმა ქვეყანამ, კერძოდ, უზბეკეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, 2023 წლის შედეგებით, რუსეთთან ვაჭრობა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზარდეს. კერძოდ, რეგიონის ქვეყნებს შორის რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაში მათი საერთო წილი 38%-ია, მაშინ, როცა 2022 წელს 33%-ს შეადგენდა.

ყირგიზეთი რუსეთის მეხუთე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ბრუნვა 17%-ით, 2,9 მლრდ დოლარამდე შემცირდა. მეექვსე ადგილზე მყოფ საქართველოს ტაჯიკეთი მოსდევს, რომლის სავაჭრო ბრუნვაც მართლია, ოდნავ, 2,7%-ით გაიზარდა, მაგრამ ქვეყნისთვის რეკორდულ 1,7 მლრდ დოლარის მაჩვნებელს მიაღწია.

თურქმენეთს 2023 წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა რუსეთის ელჩმა აშხაბადში, ივან ვოლინკინმა თებერვალში განაცხადა, რომ გასული წლის შედეგებზე დაყრდნობით რუსეთი და თურქმენეთი ურთიერთვაჭრობის ზრდას მოელიან, 2022 წლის მაჩვენებელი კი 1,6 მლრდ დოლარს შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ