ლატვიაში რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ საქონელზე დროშების წაშლას ითხოვენ

ლატვიაში რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ საქონელზე დატანილი დროშების წაშლას ითხოვენ. მსგავსი ინიციატივით სეიმის დეპუტატი, იანის ვიტენბერგსი გამოდის, რასაც BB.LV ავრცელებს.

დეპუტატი ბელარუსული და რუსული პროდუქციისთვის სპეციალური სიმბოლოების შემოღებას მოითხოვს, რომ შეფუთვაზე ორი ქვეყნის დროშა აღარ იყოს გამოსახული. საუბარია მაღაზიებში საქონლისა და პროდუქციის წარმოშობის ეტიკეტირებაზე.

ინიციატივის მიხედვით, ლატვიის მაღაზიებმა რეალიზაციის დროს წერილობით უნდა მიუთითონ ინფორმაცია რუსული და ბელარუსული საქონლის შესახებ ან მათთვის სპეციალური ნიშნები შეიმუშაონ.

ცნობისთვის: 14 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვიის მოქალაქეობის საკითხთა და მიგრაციის სამმართველო ქვეყნიდან 30 დღის განმავლობაში 800 რუსს დაადეპორტირებს, რომლებსაც ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა არ აქვთ მიღებული და ენის ტესტი არ ჩაუბარებიათ. ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრ რიჰადრს კოზლოვსკისის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებისთვის ლატვიური ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ, ნიშნავს, რომ ლატვიას შეუძლია, დეპორტაციის პროცესი განაგრძოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ