საქართველოში სამოგზაურო დაზღვევა გაძვირდა - „7 ლარს გადაიხდის ადამიანი, თუ 14-ს, ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს”

საქართველოში სამოგზაურო დაზღვევა თითქმის ყველა სადაზღვეო კომპანიაში გაძვირდა. ეს პროცესი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის იანვრიდან, რამდენიმე მსხვილი სადაზღვეო კომპანიიდან დაიწყო და მთელს ბაზარს მოედო.

მაგალითისთვის, სადაზღვეო კომპანია "ირაოს" სამოგზაურო დაზღვევის საფასური, გასულ კვირაში 1.50 ლარიდან, 1.80 ლარამდე გაიზარდა. ხოლო "თიბისი დაზღვევის" სამოგზაურო დაზღვევის 1 და 2-ლარიანი პაკეტები 90 თეთრით გაძვირდა და ახლა მის შეძენას 1.90 და 2.90 ლარად შეძლებთ. აღსანიშნავია Imedi L-ის სამოგზაურო დაზღვევის საფასურიც 2 ლარამდე გაიზარდა.

სადაზღვეო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, სამოგზაურო დაზღვევის გაძვირება ბაზარს გააუმჯობესებს და ეს მომხმარებელზე არა თუ უარყოფითად, არამედ დადებითად აისახება, რადგან გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი და გაიზრდება დაზღვევის ლიმიტი.

„სამოგზაურო დაზღვევის გაძვირება ბაზარს გააუმჯობესებს. ჩვენს ბაზარზე ყოველთვის არსებობდა მრავალი სადაზღვეო კომპანია და სამოგზაურო დაზღვევები, მათ შორის კარგებიც, რომელიც სულ რამდენიმე ლარი ღირდა და ღირს დღეში. ხშირ შემთხვევაში, ეს თანხები არ ყოფნიდა უცხოეთში სასწრაფო ჩარევების ანაზღაურებას, უცხოური სამედიცინო ხარჯების დაფარვას. ასევე ისიც საგულისხმოა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაზღვევას ყიდულობდნენ, თავიანთი თავის უსაფრთხოებაზე არ ფიქრობენ და ეს დაზღვევა მათთის ერთგვარ საშვს წარმოადგენს.“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

ამის გარდა, რესპონდენტი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თუნდაც 1 კვირით აქვთ საზღვარგარეთ წასვლა დაგეგმილი, არ აქვს დიდი მნიშვნელობა 7 ლარს გადაიხდიან, თუ 14-ს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მომსახურება გაუმჯობესებულია.

„როდესაც მიდიხარ ერთი, ან ორი კვირით საზღვარგარეთ, იმ ხარჯებთან ერთად, რაც გათვალისწინებულია, კვება, სახარჯი ფული და ა.შ. 7 ლარს გადაიხდის ადამიანი, თუ 14 ლარს, არამგონია რაიმე დაბრკოლებას წარმოადგენდეს. ფასს ამ შემთხვევაში ბაზარი არეგულირებს. უნდა გვესმოდეს მარტივად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი სეგმენტი და ის, ვინც თვითონ ფიქრობდა და ყიდულობდა ამ დაზღვევას შეგნებულად, თავისი თავის უსაფრთხოებისთვის, ის ყოველთვის მეტს იხდიდა დაზღვევაში და კვლავ გადაიხდის“, - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

ბაჩანა ტყემალაძე