ბოლო 6 თვის მონაცემებით, „e-გეზი-ის“ მებაჟე-ოპერატორების მიერ 61 440 საბაჟო დეკლარაციაა დარეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ბოლო 6 თვეში „e-გეზი“-ის მებაჟე-ოპერატორების მიერ 61 440 საბაჟო დეკლარაციაა დარეგისტრირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით მეტია.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„e-გეზი“-ის კონცეფცია მნიშვნელოვნად ამცირებს გადასახადის გადამხდელთა დროს, ფინანსებს და რაც მთავარია, საქართველოს მასშტაბით არსებული გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ხელს უწყობს მომხმარებელთა რიგების განტვირთვას.

საბაჟო სისტემაში მიმდინარე რეფორმა, რომელიც საბაჟო სერვისების გაციფრულებას უკავშირდება, გულისხმობს ბიზნესისთვის საბაჟო ფორმალობების ელექტრონული ფორმით მიწოდებას.

„e-გეზი“ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მოუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვით, ელექტრონულად განახორციელონ ტვირთის გაფორმების პროცედურები. ამასთან, თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა - „eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი/შეღავათიანი საფასურებია დადგენილი.

დამატებითი ინფორმაცია და ვიდეო სახელმძღვანელო ელექტრონული განაცხადის შევსების წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: ვიდეო სახელმძღვანელო https://www.youtube.com/watch?v=H0lBlpST9rQ&t=1s ელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დეკლარაციის შევსების მოთხოვნა https://rs.ge/ServicesCatalog?elservices&guid=E877D7400B5B5F52E053790214AC19D4

წინასწარი დეკლარირება იმპორტი https://rs.ge/ServicesCatalog?Preliminarydeclaringimport&guid=E877E297103A83BAE0537A0214ACEDF4

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, დისტანციური სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, დაგეგმილია მრავალი ახალი პროექტი, რომელთა განხორციელებაც კიდევ უფრო გაამარტივებს საბაჟო ფორმალობებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში საერთაშორისო ტვირთბრუნვის განვითარებაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.