თებერვალში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

2024 წლის თებერვალში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 2,08 ათასი ტონა შეადგინა , რაც 0,70 ათასი ტონით ანუ 50,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,38 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,41 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 19,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: გერმანია - 0,37 ათასი ტონა (17,8%), აზერბაიჯანი - 0,27 ათასი ტონა (13%); ირანი - 0,18 ათასი ტონა (8,6%); და სხვ.

ამასთან, 2024 წლის თებერვალში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 13,2 ათასი ტონა, რაც 6,3 ათასი ტონით ანუ 91,3%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6,9 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, წელს თებერვალში საავიაციო ნავთის იმპორტის 47% (6,2 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 18,2% (2,4 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან, 17,4% (2,3 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 9,1% (1,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,5% (0,6 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 3,8% (0,5 ათასი ტონა) - რუმინეთიდან.

ნინი ქეთელაური