ვინ რამდენი მოიგო კრიპტოვალუტაში -  ქვეყნების 2023 წლის რეიტინგი

2023 წელი კრიპტოვალუტის ბაზრების აღდგენის წელი იყო, რომლებზეც მთელი წლის განმავლობაში აქტივების ფასები და განწყობა რთული 2022 წლის შემდეგ უმჯობესდებოდა. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია Chainalysis წერს, რომელმაც კრიპტოვალუტის გამომუშავების მხრივ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა.

რეიტინგი ცენტრალიზებულ ბირჟებთან ინვესტორების ურთიერთქმედებებზე, მათ შორის, ქვეყნების მიხედვით სავარაუდო მოგების დაყოფაზე არის დაფუძნებული. კერძოდ, ინვესტორების კრიპტოვალუტის მოგების შესაფასებლად კომპანია იყენებს კრიპტოაქტივების გადაადგილების მონაცემებს სერვისებში და მის გარეთ, სადაც ისინი შეიძლება, იყოს ჩართული ან Fiat (ჩვეულებრივ) ვალუტაში გადატანილი.

აქტივების შერჩეული ჯგუფის ჯაჭვური ნაკადი ყველა კრიპტოვალუტის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის, დაახლოებით, 80%-ს შეადგენს. ეს ჯგუფები ძირითად ცენტრალიზებულ ბირჟებზე ვაჭრობენ, რომლებიც Fiat-ში კრიპტოს კონვერტაციას ეწევიან. Chainalysis-ის შეფასებით, მართალია, აღნიშნული მეთოდოლოგია არ არის სრულყოფილი, მაგრამ ის მოგების ზუსტ შეფასებას იძლევა პოპულარულ აქტივებში, რომლებიც ცენტრალიზებულ ბირჟებზე ვაჭრობენ.

კომპანიის მონაცემებით, მთლიანობაში, ყველა კრიპტოინვესტორმა 2023 წელს 37.6 მლრდ დოლარის მოგება ნახა. იმის მიუხედავად, რომ მოგების ეს ოდენობა 159.7 მლრდ დოლარზე გაცილებით მცირეა, რომელსაც 2021 წლის ბაზრმა მიაღწია, ის მნიშვნელოვანი აღდგენის მაჩვენებელია, რადგან 2022 წლიდან ბაზრის სავარაუდო ზარალი 127.1 მლრდ დოლარს შეადგენდა.

“საინტერესო ფაქტია, როცა 2023 წლის მთლიანი მოგების შეფასება 2021 წელზე უფრო დაბალია, მაშინ, როცა თითოეულ ამ ორ წელიწადში კრიპტოაქტივების ფასები თანაბარი ტემპით იზრდებოდა. ამის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ის არის, რომ 2023 წელს ინვესტორები კრიპტოაქტივებს ნაღდ ფულში ნაკლებად აკონვერტირებდნენ. ისინი მოელოდნენ, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზრდებოდა, რადგან, 2021 წლისგან განხვავებით, 2023 წლის არცერთ მომენტში წინა ისტორიულ მაქსიმუმს არ აჭარბებდნენ,” - წერს Chainalysis.

კრიპტომოგება შედარებით თანმიმდევრული მთელი 2023 წლის განმავლობაში იყო, ვიდრე აგვისტოსა და სექტემბერში ზარალს არ ნახავდა. თუმცა ამის შემდეგ მოგებამ მკვეთრად მოიმატა, ხოლო ნოემბერმა და დეკემბერმა ამ მხრივ ყველა წინა თვე გადაფარა.

კრიპტოვალუტის გამომუშავების მხრივ 2023 წლის ლიდერი ქვეყანა 9,36 მლრდ დოლარის მოგებით აშშ-ია, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა 1.39 მლრდ დოლარით მეორე ადგილი დაიკავა.

2023 წელს ყველაზე მეტი კრიპტომოგების მქონე ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • აშშ - 9.36 მლრდ დოლარი
  • დიდი ბრიტანეთი - 1.39 მლრდ
  • ვიეტნამი - 1.18 მლრდ
  • ჩინეთი - 1.15 მლრდ
  • ინდონეზია - 1.06 მლრდ
  • ინდოეთი - 1.05 მლრდ
  • რუსეთი - 1.04 მლრდ
  • სამხრეთ კორეა - 1.04 მლრდ
  • გერმანია - 0.96 მლრდ
  • თურქეთი -0.95 მლრდ

აღსანიშნავია, რომ უკრაინა 0.85 მლრდ დოლარის კრიპტომოგებით მე-12 ადგილზეა, რომელსაც 0.91 მლრდ დოლარით არგენტინა (მე-11) უსწრებს.

ყველაზე ნაკლები კრიპტომოგების მქონე ქყვეყებს, კერძოდ, ნორვეგიას, ბანგლადეშს, მოლდოვას, სამხრეთ აფრიკას, ალგერიას, ბულგარეთსა და უნგრეთს თანაბარი, 0.15 მლრდ დოლარის მაჩვენებელი აქვთ და სიის ბოლოში არიან. შემდეგი 0.16 მლრდ დოლარის კრიპტომოგებით შვედეთი, ხოლო 0.17 მლრდ დოლარით რუმინეთი და ყაზახეთია. მალაიზაიმ და ბელგიამ გასულ წელს თანაბრად 0.18 მლრდ დოლარის, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა 0.20 მლრდ დოლარის კრიპტოვალუტა გამოიმუშავა.

Chainalysis წერს, რომ 2023 წლის პოზიტიური ტენდენციები 2024 წელსაც გადავიდა. კრიპტოაქტივებმა, როგორიც ბიტკოინია, ყველა დროის მწვერვალს მიაღწია. 13 მარტის მდგომარეობით, ბიტკოინი, შაარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 65.4%-ით, ხოლო ეთერიუმი 70.2%-ით იყო გაზრდილი.

“თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ჩვენ შესაძლოა, იმაზე მეტ მოგებას შევესწროთ, რაც 2021 წელს ვნახეთ,” - წერს Chainalysis.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ