ერთ დროს აყვავებული დარგი, რომელიც დღეს სულს ღაფავს

"იმპორტირებულ ჩაის გემო და არომატიც არა აქვს იმიტომ, რომ ეს ძველი, საღებავებით გაძეძგილი პროდუქტია"

სულ რაღაც 25-30 წლის წინ ჩაის მრეწველობა საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე იდგა, ხოლო ქართული ჩაი მთელ საბჭოთა სივრცეში იყო ცნობილი. გავიდა ხანი, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენებურმა ჩაიმ გასაღების ბაზრები დაკარგა. ჩაის წარმოებასაც აზრი დაეკარგა, ამიტომ მოსახლეობამ ერთ დროს სასარგებლო მცენარის ამოძირკვა და მის ნაცვლად სხვა კულტურების, ყველაზე ხშირად, თხილის გაშენება დაიწყო. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ეს სერიოზული შეცდომაა, რადგან ჩაი სტაბილური კულტურაა, მისი ფასი მსოფლიო ბაზარზე არ მერყეობს მაშინ, როცა თხილის ფასს თურქეთი ადგენს: თუ ამ ქვეყანაში კარგი მოსავალი იქნება, ჩვენთან თხილის ფასი იკლებს, ხოლო თუ ცუდი - მაშინ იმატებს. ამასთან, თხილის გახარება წითელმიწა ნიადაგებზე პრაქტიკულად შეუძლებელია ნიადაგის მაღალი მჟავიანობის გამო.

"ნიადაგის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე ჩაის ამოძირკვა და მის ადგილას სხვა კულტურის დარგვა ხშირად ზარალის მომტანია", - გვითხრა საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ სვანიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ერთ დროს აყვავებული ჩაის მრეწველობა ახლა სულს ღაფავს.

"ამ დარგის ნგრევა 1990-იან წლებში დაიწყო, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირი დაიშალა. ქართული ჩაით ძირითადად ყოფილ საბჭოთა სივრცეს ვამარაგებდით, რადგან ჩვენი მოსახლეობა ჩაის ძალზე მცირე რაოდენობით მოიხმარს. საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს წელიწადში მაქსიმუმ 1200 ტონა ჩაიც ჰყოფნის, რაც იმის ბრალია, რომ ჩვენთან ჩაის სმის ტრადიცია არ არის, განსხვავებით მეზობელი აზერბაიჯანის მოსახლეობისაგან, რომელიც დიდი რაოდენობით ჩაის მოიხმარს - აზერბაიჯანელებს წელიწადში საშუალოდ 17 ათასი ტონა ჩაი სჭირდებათ. ასე რომ, ქართულმა ჩაიმ გასაღების ბაზარი დაკარგა, მასზე მოთხოვნა შემცირდა და წარმოებაც გაჩერდა. მერე დაიწყო სამოქალაო ომი, არეულობა, ჩაის ფაბრიკები დაიშალა და თუ რაიმე რკინა და მოწყობილობა იყო, ყველაფერი დაჭრეს და უცხოეთში გაიტანეს. ჩაის პლანტაციები გაველურდა და დარგიც განადგურდა", - აღნიშნა თენგიზ სანაძემ.

მისივე თქმით, თუ ადრე 100 ათას ტონა მზა პროდუქციას ვაწარმოებდით, ახლა მხოლოდ 2 ათას ტონას ვაწარმოებთ. ესე იგი, წარმოება 50-ჯერ შემცირდა. ადრე ჩაის პლანტაციები 67 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული, ახლა კი, მათგან დაახლოებით 18 ათას ჰექტარია დარჩენილი.

თენგიზ სვანიძე: "ამ 18 ათასი ჰექტრიდან პრაქტიკულად გაველურებული, ამოსაძირკვი და მოსაშორებელია თითქმის 8 ათასი ჰექტარი. 10 ათასი ჰექტარი კი, ასე თუ ისე პერსპექტიულია. ამ საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელისუფლების ნებას. თუ სპეციალური სახელმწიფო პროგრამა არ შემუშავდა, ჩაის წარმოება საქართველოში სულს ღაფავს და ამ დარგის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. მართალია, დღესაც არსებობს მცირე ოჯახური საწარმოები, რომლებიც 100-200 კგ, ზოგჯერ 1 ტონამდე ჩაის აწარმოებენ, ასევე გვაქვს მიკროფაბრიკები და მინიფაბრიკები, რომლებიც ძალიან ხარისხიან ჩაის უშვებენ, მაგრამ ცოტას. მსხვილი საწარმოები კი, შეიძლება ითქვას, თითზე ჩამოსათვლელია. უცხოური ბაზარი თითქმის დაკარგული გვაქვს, ჩვენი ჩაი ძალიან მცირე პარტიებით გადის ყოფილ საბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში. მონღოლეთის ბაზარზეც შეგვაქვს ე.წ. აგურა ჩაი. შიდა ბაზარზე კი მხოლოდ 20% გვიჭირავს, დანარჩენი 80% იმპორტირებულ ჩაის უკავია".

თენგიზ სვანიძის აზრით, იმპორტირებულ ჩაის კონკურენციას ვერ ვუწევთ იმიტომ, რომ ის დემპინგურ ფასებში შემოაქვთ:

"ეს არის ძველი ჩაი, რომელშიც არომატიზატორები, ხელოვნური საღებავები და ემულგატორები ჭარბობს. ქართული ჩაი უცხოურს ფასით ვერ უწევს კონკურენციას, თორემ ხარისხით ბევრად სჯობია. ჩვენი ჩაის თვითღირებულება ძვირი ჯდება იმიტომ, რომ ხარისხიანი და ნატურალურია, ხოლო უცხოეთიდან რა შემოდის, კაცმა არ იცის. იმპორტირებულ ჩაის არომატიც არა აქვს იმიტომ, რომ ეს ძველი, საღებავებით გაძეძგილი პროდუქტია".

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო და ბიზნესმენებიც ჩაერევიან, შეიძლება 6-7 ათასი ჰექტარი ჩაის აღდგენა მოხერხდეს, ამ პლანტაციებიდან მოკრეფილი ჩაის ფოთოლი გადამუშავდეს და დაახლოებით 5 ათასი ტონა პროდუქცია მივიღოთ. ამჟამად მეტს ვერ მოვახერხებთ. სხვათა შორის, შემუშავებულია ჩაის წარმოების განვითარების სტრატეგია, რომელიც უკვე სოფლის მეურნეობის სამინისტროშია. მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. იმედია, ეს სიტყვები მხოლოდ სიტყვებად არ დარჩება.

დასავლეთ საქართველოში ჩაის მრეწველობის აღდგენის იმედს არ კარგავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსი გიორგი ხარაბაძე, რომელმაც bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა:

"ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პლანტაციები 9600 ჰეტარზე იყო გაშენებული და ჩაის მრეწველობა ყვაოდა. ეს კულტურა უზარმაზარ შემოსავალს იძლეოდა. მოსახლეობა დასაქმებული იყო, სისტემა აწყობილი და ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნაც მაღალი იყო. ამჟამად იმ ფართობებიდან მხოლოდ 1500-2000 ჰექტარია დარჩენილი. ჩვენი ნიშა რუსეთსა და შუა აზიაში თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა დაიკავეს. 1990-იანი წლების განუკითხაობამ მოიტანა ის, რომ დარგი ერთიანად განადგურდა. გაცილებით იაფი და იოლია იმპორტული ჩაის შემოტანა, რომლის ხარისხიც ძალიან საეჭვოა. მისი გაყიდვა ჩვენს ჩაისთან კუპაჟით ძალიან იაფი უჯდებათ ჩვენს ბიზნესმენებს, ვიდრე აქ ჩაის ფოთლის წარმოება, ამიტომ სუფთა ქართული ჩაის წილი ჩვენს ბაზარზეც კი მინიმალურია".

გიორგი ხარაბაძის თქმით, ნედლეული ძალიან მცირე რაოდენობით არის დარჩენილი ვინაიდან პლანტაციები განადგურებულია:

"ქართული ჩაი ჩაანაცვლა თხილმა, რომლის მომატებულმა ფასმაც ბევრი ოჯახური მეურნეობა მიიზიდა. აქაც მოსახლეობის არცოდნამ და არაინფორმირებულობამ იჩინა თავი - უმეტესობას ჰგონია, რომ თხილი ყველანაირ ნიადაგზე ხარობს და ამიტომ ჩაის ნარგავები მასობრივად გაჩეხეს. დიდი ფაბრიკები აღარ არსებობს, მხოლოდ წვრილი, კუსტარული საწარმოები გვაქვს, სადაც ტექნოლოგიურად გამართული პროცესი ვერ ნარჩუნდება, არც ხარისხია ისეთი, როგორიც უნდა იყოს და არც სიმძლავრეები. ახლახან პრემიერ-მინისტრი იყო ოზურგეთში და გამოთქვა ინიციატივა, რომ ჩაის წარმოების რეაბილიტაცია საშური საქმეა. ჩვენ იმედით ვუყურებთ ამ ინიციატივას, პროექტი უკვე დაწერილი გვაქვს და თუ სწორი ნაბიჯები გადაიდგმება, შეიძლება კიდევ ვიფიქროთ ჩაის წარმოების აღდგენაზე. მით უმეტეს, რომ ეს საკმაოდ შემოსავლიანი კულტურაა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაის წარმოების აღდგენას მოსახლეობის დასაქმებისთვისაც. ადრე ეს დარგი ლამის მთელ დასავლეთ საქართველოს ინახავდა, ახლა კი, ჩვენი მუშახელი თურქეთში გადის და იქ ქმნის დოვლათს. როდესაც ეცოდინებათ, რომ სამუშაო აქაც ექნებათ, უცხო ქვეყნებში აღარ წავლენ. ამიტომ, ჩაის წარმოების აღდგენას მარტო ეკონომიკური კი არა, მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც აქვს ჩვენი ქვეყნისთვის", - ამბობს გიორგი ხარაბაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე