უკრაინულმა დრონებმა რუსეთს ნავთობგადამუშავების დღიური სიმძალვრე 600 ათასი ბარელით დააკარგვინა

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული კამიკაძე დრონების დარტყმის შედეგად რუსეთმა დღიური გადამუშავების, დაახლოებით, 600 ათას ბარელის სიმძლავრე დაკარგა. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკულ ჯგუფ Gunvor Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტორბერნ ტორნკვისტმა განაცხადა, რასაც Bloomberg ავრცელებს.

Gunvor Group უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსული ნავთობის მთავარი ტრეიდერი იყო, თუმცა რუსეთთან ვაჭრობა ომის დაწყებიდან მალევე შეწყვიტა.

„ეს მნიშვნელოვანია, რადგან დაუყოვნებლივ დაარტყამს დისტილატის ექსპორტს და მას რამდენიმე ასეული ათასი ბარელით შეამცირებს,” - ამბობს ტორნკვისტი.

ის ვარაუდობს, რომ წელს აშშ-დან მიწოდება, 2023 წელთან შედარებით, ორჯერ ნაკლებად გაიზრდება და დღეში 700,000-დან 800,000 ბარელს შეადგენს. თუმცა OPEC-ის მიწოდების მთლიანი ზრდა წელს, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება.

Bloomberg წერს, რომ ქარხნებზე დრონების შეტევის შედეგად დიზელის ფიუჩერსები ვაჭრობის ზედიზედ მეოთხე, ხოლო ბენზინის ფიუჩერსები ზედიზედ მეექვსე სესიაზე იზრდება.

ამასთან, JPMorgan Chase-ის შეფასებით, უკრაინული კამიკაძე დრონების თავდასხმებმა რუსეთის ნავთობგადამუშავების სიმძლავრე დღეში, დაახლოებით 900 ათასი ბარელით შეამცირა. ანალიტიკოსების თქმით, ამ სიმძლავრის აღდგენას შესაძლოა, „თვეები თუ არა, რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდეს,“ ხოლო ქარხნების აფეთქებები ნავთობის გლობალურ ფასებს ბარელზე, დაახლოებით, 4 დოლარით გააძვირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ