პრემიერი შსს-ს ავალებს, რომ აღკვეთოს უეფას კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევა, გარე ვაჭრობა, არასათანადო რეკლამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უეფას სუპერთასის მატჩისთვის, რომელიც თბილისში გაიმართება, სხვადასხვა უწყებებს დავალებები მისცა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დავალებები შეეხება სუპერთასის მატჩთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიზნით სპეციალური ღონისძიებების გატარებას.

პრემიერი შსს-ს ავალებს, რომ აღკვეთოს უეფას კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევა, გარე ვაჭრობა, არასათანადო რეკლამა, ასევე ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მოიცავს წამახალისებელი ნივთების გავრცელებას. გარდა ამისა, შსს-ს დაევალა სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით განხორციელებული არასათანადო რეკლამის გამოვლენა, აღკვეთა და კონტრაფაქციული საქონლის კონფისკაცია. ამავე უწყებას დაევალა აღკვეთოს ბილეთების გადამყიდველების გზით გაყიდვა და ამისთვის შესაბამისი ქმედებები განახორციელოს.

პრემიერი ასევე თხოვნით მიმართავს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომ განახორციელოს სამაუწყებლო კომპანიების მიერ მატჩის უკანონო ტრანსლირების გამოვლენა და აღკვეთა. პრემიერ-მინისტრი ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების გარდა დავალებებით მიმართავს თბილისის მერიას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს.