აშშ და თურქეთი ამერიკული მეორადი სანქციების გამოყენების ახალ სქემაზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსულ კომპანიებთან კავშირის გამო უცხოური კომპანიების დასანქცირებას ეხება. ინფორმაციას თურქული გაზეთი, Hürriyet წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთის ცნობით, მხარეებმა ერთმანეთთან “სანქციების დაცვის სქემა” შეათანხმეს. კერძოდ, აშშ ჯერ შეატყობინებს თურქეთს იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც რუსულ ბიზნესთან კომერციული საქმიანობის გამო დასანქცირების პოტენციური კანდიდატები არიან. თავის მხრივ, თურქული მხარე ამერიკელების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიებას ჩაატარებს და შედეგებს გამოაქვეყნებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
გასული წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომ დასანქცირდებოდნენ ბანკები, რომლებიც რუსი სანქცირებული პირების ტრანზაქციებს ან რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის გარკვეულ მასალისა და აღჭურვილობის მიწოდებას ხელს უწყობდნენ.
ამის შემდეგ ფინანსური ინსტიტუტები დოლარზე წვდომის დაკარგვის შიშით უფრო ფრთხილი გახდნენ, რადგან ეს ვალუტა გლობალური ფინანსური ტრანზაქციების, თითქმის, ნახევარს შეადგენს. ამ ფონზე რუსეთ-თურქეთის ვაჭრობის მოცულობა შემცირდა. კერძოდ, წლის განმავლობაში რუსეთში თურქეთის ექსპორტი მესამედით, ანუ 670 მლნ დოლარამდე, ხოლო რუსული პროდუქციის იმპორტი თურქეთში 1,3 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
ამის მიზეზად Reuters-ის წყარომ თურქული ბანკების მიერ რუსი კლიენტებისთვის პირობების გამკაცრება დაასახელა, ხოლო მარტის დასაწყისში თურქული გამოცემა Aydınlık წერდა, რომ სტამბოლის გენერალურ საკონსულოში მომუშავე აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის თანამშრომლები თურქულ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ეწვივნენ და რუსეთთან ტრანზაქციების შეწყვეტა მოთხოვეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ