მიმდინარეობს გამოძიება, ყველამ უნდა აგოს პასუხი - მინისტრი სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის დაზიანებაზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის უხარისხოდ და პროექტის შეუსაბამოდ განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, თავისი მოქმედებების შესაბამისად ყველამ პასუხი უნდა აგოს.

„ექსპერტიზის დასკვნა მივიღეთ დეკემბერში. მიზეზი იყო მერვე ბურჯზე უხარისხოდ და პროექტის შეუსაბამოდ ნაწარმოები სამუშაოები, რომლებმაც გამოიწვიეს დაზიანება და შესაბამისად, ნაშენის ჩამოშლა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ამ ყველაფერს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ყველამ უნდა აგოს თავის მოქმედებაზე შესაბამისი პასუხი.

გარდა ამისა, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ცალკე დაწყებულია სამართლებრივი პროცედურები. საჭიროების შემთხვევაში არბიტრაჟიც ჩაერთვება. ასევე, გერმანელი სპეციალისტები არიან ჩართული იმისათვის, რომ შესაბამისი წინასაპროექტო კვლევები განახორციელონ, რაც უკვე მოგვცემს შესაძლებლობას გავიგოთ, რა ღონისძიებებია საჭირო და ეს ღონისძიებები განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.