ჩინურმა ბანკებმა რუსეთიდან გადახდების იუანში მიღება შეწყვიტეს

ერთბაშად რამდენიმე ჩინურმა ბანკმა რუსეთიდან გადახდების იუანში მიღება შეწყვიტა და კლიენტებისთვის ასეთი ტრანზაქციების დაბრუნება დაიწყო. მიზეზი აშშ-ის მეორადი სანქციების სიაში მოხვედრის შიშია. ინფორმაციას „იზვესტია“ ჩინური ბანკების რუს მომხმარებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაზეთის თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ იუანში გადახდების მიღების შეწყვეტის შესახებ ჩინურმა ბანკებმა რუს კლიენტებს პირადად აცნობეს. ამ ბანკებს შორის არის Ping An Bank, Bank of Ningbo, China Guangfa Bank, Kunshan Rural Commercial Bank, Great Wall West China Bank, Shenzhen Rural Commercial Bank, Dongguan Rural Commercial Bank და China Zheshang Bank.

აქედან ზოგიერთმა ბანკმა იუანში გადახდების მიღება ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებიდან შეწყვიტა.

საბანკო ბაზრის ორი წყარო განმარტავს, რომ იაუანში გადახდებს ჩინური ბანკები საერთაშორისო დონეზეც, კერძოდ, CitiBank-ის, Standard Chartered Bank-ის, HSBC-ის, JP Morgan-ის, BNP Paribas-ის, Deutsche Bank-ისა და Mizuho Bank-ის ფილიალებშიც არ იღებენ. მათ რუს კლიენტებთან ტრანზაქციები სანქციების შემოღებისთანავე შეწყვიტეს.

რუსეთიდან იუანში გადახდებზე უარი რუსულ კომპანიებს ფინანსურ ოპერაციებს ურთულებს.

„იზვესტიას“ შეფასებით, ჩინეთის უმსხვილეს ბანკებს შეერთებულ შტატებში ფილიალები აქვთ, ამიტომ კონტრაგენტისთვის ალტერნატიული ვარიანტების დატოვებით ქვეყანამ რბილი შეზღუდვების გზა აირჩია.

ცნობისთვის: გასული წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომ დასანქცირდებოდნენ ბანკები, რომლებიც რუსი სანქცირებული პირების ტრანზაქციებს ან რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის გარკვეულ მასალისა და აღჭურვილობის მიწოდებას ხელს უწყობდნენ. ამის შემდეგ რუსეთის პარტნიორი ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები დოლარზე წვდომის დაკარგვის შიშით უფრო ფრთხილი გახდნენ, რადგან ეს ვალუტა გლობალური ფინანსური ტრანზაქციების, თითქმის, ნახევარს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ