რომელ მარშრუტებზე შემცირდება ტრანსპორტის მოცდის დრო 23 მარტიდან?

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში, სხვადასხვა მარშრუტს ავტობუსები დაემატება, რაც მოცდის ინტერვალს შეამცირებს.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განმარტა, პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს სიახლეები - კერძოდ, დედაქალაქში მოქმედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს ავტობუსები დაემატება, რაც მოცდის ინტერვალს შეამცირებს. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც აქამდე N301, N302, N308-სა და N314 მარშრუტებზე მოძრაობდნენ.

პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გასტანს. პირველ ეტაპზე ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე:

N293 (განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის) მარშრუტზე მოძრავი „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით და მოლოდინის დრო შემცირდება 10 წუთამდე;

N387 (არის წრიული ხაზი 24 გაჩერებით , რომელიც იწყება საზოგადოებრივი მაუწყებელიდან) მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც, ინტერვალი იქნება 11 წუთი;

N393 (მოძრაობს ყვარლის ქუჩას და ბარათაშვილის ქუჩას (კონკა) შორის) მარშრუტზე მოძრავი „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, ჩანაცვლდება „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით და ინტერვალი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე;

ავტობუსების დამატებით, N305 მარშრუტზე (მოძრაობს ქიზიყის ქუჩა #5 -ს და ბარათაშვილის ქუჩა 2-4-ის მოპირდაპირედ (კონკა) მოლოდინის დრო გახდება 8 წუთი, N319 მარშრუტზე (მოძრაობს სადგურის მოედანს და მ/ს ვარკეთილს შორის) - 7 წუთი, N321 მარშრუტზე (მოძრაობს მ/ს სარაჯიშვილის და დიდი დიღომი IV მ/რ #6-ის მოპირდაპირედ) -10 წუთი, N336 (მოძრაობს ლუბოვსკის #53 - ს და რკინიგზის გადასასვლელი ხიდს შორის) მარშრუტზე - 9 წუთი.

გამოთავისუფლებული ავტობუსები სწორედ იმ მარშრუტებზე გადანაწილდებიან, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვაა,“ - განაცხადა კალაძემ.

თაია არდოტელი