მთავარი ინდოელი შემსყიდველი რუსული ნავთობის მიღებაზე უარს აცხადებს

ინდოეთის Reliance Industries, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი გადამამუშავებელი კომპლექსის ოპერატორი კომპანიაა, რუსულ ნავთობს გადამზიდავ “სოვკომფლოტის” ტანკერებიდან აღარ შეისყიდის. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reliance Industries-მა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “სოვკომფლოტი” აშშ-ის ბოლო სანქციებში მოხვდა. ამით, Reuters-ის შეფასებით, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი კიდევ უფრო რთულდება, რადგან რუსულ კომპანიებს გაუჭირდებათ ტანკერების მოძიება ჭარბი ნავთობის გასაყიდად, რომელიც გადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ დაუგროვდათ. ამასთან, საბანკო შეზღუდვების გამო რუსულ კომპანიებს ნავთობის საექსპორტო გადახდების შეგროვება უკვე უჭირთ.

”სოვკომფლოტსა” და ნედლი ნავთობის 14 ტანკერს, რომლებიც რუსეთის ნავთობის ტრანსპორტირებას ეწევიან, შეერთებულმა შტატებმა სანქციები თებერვალში დაუწესა. ინდური Reliance-ის, რომელიც რუსული Urals-ის მარკის ნავთობის მსხვილი შემსყიდველია, ითხოვს, რომ ახალი მარაგი კომპანიას “სოვკომფლოტის” ტანკერებით აღარ მიეწოდოს.

ინდოეთის მთავრობასა და გადამამუშავებელ სექტორში Reuters-ის წყარო აცხადებს, რომ “სოვკომფლოტის” ტანკერების გამოყენებაზე უარის თქმას სხვა ინდოელი მწარმოებლებიც აპირებენ, რამაც შესაძლოა, ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტზე გავლენა მოახდინოს და ფლაგმანი პროდუქტის განსათავსებლად რუსეთისთვის ბაზარი მეტად შეამციროს.

ინდოელი მწარმოებლები აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან რუსულ ნავთობზე გარიგებების გამკაცრებული შემოწმების გამო ვაშინგტონის უარყოფით რეაქციას „მეტად უფრთხიან.” გადამამუშავებელ მწარმოებლებს სურთ, აღკვეთონ იმ სუბიექტების მონაწილეობა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დასანქცირებული არიან.

მეტიც, ინდოეთის ნავთობისა და ტრანსპორტირების სამინისტროს წყარო აცხადებს, რომ სანქცირებული ან “სოვკომფლოტის” გემების ინდოეთის პორტებში შესვლის აკრძალვაზე მთავრობა მალე გადაწყვეტილებას მიიღებს.

რუსული ნავთობის ბაზრის ერთ-ერთი ტრეიდერი აცხადებს, რომ “სოვკომფლოტი” მათ აქტიურად სთავაზობს ტანკერებს, თუმცა ტრეიდერები მათ გამოყენებას უფრთხიან, რადგან ტვირთზე მყიდველებმა და პორტებმაც კი შესაძლოა, უარი თქვან. ამჟამად “სოვკომფლოტის” გემების ძირითადი ნაწილი ჩინეთში გამგზავრებით არის დაგეგმილი.

ამდენად, Reuters წერს, რომ ტანკერების რაოდენობის შემცირებით, შესაძლოა, ინდოეთში რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდეს, ხოლო გადაზიდვის ღირებულება გაიზარდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ