ჩრდილოეთ კორეამ „მსოფლიოში ბოსტნეულის ყველაზე დიდი სასათბურე მეურნეობა“ გახსნა. ინფორმაციას ადგილობრივი სახელმწიფო მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კანგდონგის კომპლექსის „ზომა და საწარმოო სიმძლავრე ბევრად აღემატება აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე რიონფხოს სასათბურე ფერმას,” რომელსაც ფხენიანი 2022 წლიდან, ანუ ოფიციალურად გახსნიდან მსოფლიოში ყველაზე დიდ ფერმად მოიხსენიებდა.
თუმცა ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე მომუშავე კვლევითი პლატფორმა NK Pro-მ დედამიწის ვიზუალიზაციის ამერიკული კომპანია Planet Labs-ის სატელიტური სურათები გააანალიზა, რომლითაც დადგინდა, რომ რეალურად კანგდონგის კომპლექსი რიონფხოს სასათბურე ფერმაზე ოდნავ პატარაა.
კერძოდ, კანგდონგში სათბურის ფართობი, დაახლოებით, 215 ჰექტარია, მაშინ, როცა რიონფხოს ფერმა 234 ჰექტრამდე ტერიტორიაზე არის გაშენებული.
ამასთან, სახელმწიფო მედია ამტკიცებს, რომ რიონფხოს მეურნეობა 830 ნახევრადთაღოვან ჰიდროპონიკურ ვიწრო სათბურს ამუშავებს, რომელთა საშუალო სიგრძე, დაახლოებით, 100 მეტრია. რაც შეეხება კანგდონგს, NK Pro-მ დაითვალა, რომ იქ უფრო ნაკლები, დაახლოებით, 660 ასეთი სტრუქტურა არის მოწყობილი. თუმცა ოფიციალური რიცხვი ჯერ არ დასახელებულა.
ჩრდილოკორეული სახელმწიფო მედიის ცნობით, კანგდონგის მეოურნეობა ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბრძანებით გაკეთდა, რომელიც „მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზების სურსათის დეფიციტის მოგვარების პროექტებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.“
თუმცა NK Pro-ს ანალიზი აჩვენებს, რომ პროექტის სიდიდისა და მნიშვნელობის შესახებ ჩრდილოკორეული მედიის შეფასებები გადაჭარბებულია, რისი მიზანიც ხალხის კეთილდღეობაზე მთავრობის ზრუნვის დემონსტრირებაა, მაშინ, როცა ქვეყნის ხელისუფლება მსხვილ ინვესტიციებს მხოლოდ ახალი შეიარაღების სისტემებში დებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ