საქართველოს მარწყვის იმპორტი თითქმის 6-ჯერ გაუძვირდა - რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს

2024 წლის თებერვალში ქართული წარმოების მარწყვის ექსპორტი დაახლოებით 34.6%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ადგილობრივმა ექსპორტმა 40 190 დოლარი შეადგინა (30 ტონა), ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 61 480 დოლარი (49 ტონა).

რაც შეეხება ფასს, მიმდინარე წლის თებერვალში საექსპორტო ფასი, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაიზარდა. კერძოდ, წელს, თებერვალში თუ 1 კგ მარწყვის საექსპორტო ფასი 1,34 დოლარი იყო, გასულ წელს ფასმა 1.26 დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის თებერვალში ქართული წარმოების მარწყვი სრულად სომხეთში გავიდა.

მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მარწვის იმპორტი. წელს თებერვალში იმპორტმა 336 080 დოლარი შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში ჯამში 230 ტონა მარწყვი ვიყიდეთ. ამასთანავე, გასული წლის იმავე პერიოდში 67 860 დოლარის 263 ტონა მარწყვი შემოვიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს 1 კგ იმპორტირებული მარწყვის ფასი 0.26 დოლარი იყო, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში - 1.46 დოლარი. მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მარწვის იმპორტი თითქმის 6-ჯერ გაუძვირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარწყვის იმპორტში მთლიანი წილი თურქეთს უკავია.

მერი ტაბატაძე